მასაჩუსეტსში ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზის 2025 წლის კლასის ოფიციალური ინაუგურაცია გაიმართა.
ღონისძიების მთავარი სახეები NBA-ის ყოფილი ვარსკვლავები კარმელო ენტონი და დუაით ჰოვარდი, ასევე WNBA-ს ლეგენდები მაია მური, სიუ ბერდი და სილვია ფოულზი იყვნენ. Redeem Team - 2008 წლის აშშ-ის ოლიმპიური კაცთა ნაკრები - ასევე შევიდა დიდების დარბაზში, ამასთან NCAA-ის ორგზის ჩემპიონი და ჩიკაგო ბულსის მთავარი მწვრთნელი ბილი დონოვანი, მაიამის ჰიტის მფლობელი მიქი ერისონი და NBA-ში ხანგრძლივი კარიერის მქონე მსაჯი დენი კროუფორდი.
კარმელო ენტონი
ენტონი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო NBA-ში. მან ეროვნული ჩემპიონატი მოიგო სირაკუზის უნივერსიტეტთან ერთად 2003 წელს და გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. მისი მიღწევებია: NBA-ის წლის საუკეთესო მექულე, 10-ჯერ მონაწილეობა ოლ-სტარში, 6-ჯერ NBA-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა, სამი ოლიმპიური ოქროს მედალი, NBA-ის საუკეთესო დებიუტანტთა გუნდისა და NBA-ს საიუბილეო გუნდის წევრობა. ერთ-ერთი ოქროს მედალი მან 2008 წელს მოიპოვა Redeem Team-თან ერთად.

თავის გამოსვლაში ენტონიმ ემოციური სიტყვით გარდაცვლილ მამას, კარმელო ირიარეტეს მიმართა:
„ძალიან ადრე დაგვტოვე, მაგრამ ჩემგან არასდროს წასულხარ. შენი დანაკლისიც კი ძალას მაძლევდა. სიჩუმემ მიზანი მომცა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიზარდე შენთან ერთად, შენს გამო გავიზარდე. შენი სისხლი ჩემს სისხლშია. შენი ოცნება ჩემში ცოცხლობს.
ეს დიდების დარბაზის პიჯაკი, რომელსაც დღეს ვიღებ, ორივეს გვეკუთვნის.
დუაით ჰოვარდი
ჰოვარდი 2004 წლის დრაფტზე ორლანდო მეჯიქის პირველი არჩევანი გახდა. NBA-ში 18 წელი ითამაშა და 2020 წელს ლეიკერსთან ერთად ჩემპიონიც გახდა. ის რვაგზის ოლ-სტარი და NBA-ის საუკეთესო ხუთეულის წევრი იყო, ხუთჯერ ლიგის საუკეთესო მომხსნელი, ხუთჯერ საუკეთესო დაცვით ხუთეულში, სამგზის წლის დამცველი და დებიუტანტთა გუნდის წევრი. ასევე ოთხჯერ მონაწილეობდა ოლ-სტარის ჩატენვების კონკურსში და 2008 წელს მოიგო კიდეც. 2008 წელს ოქროს მედალიც მოიპოვა Redeem Team-თან ერთად.

თავის ემოციურ სიტყვაში ჰოვარდმა მადლობა მშობლებს გადაუხადა:
„თქვენ იმდენადვე გჯეროდათ ჩემი, რამდენადაც მე, მაგრამ გინდოდათ საქმეს ბოლომდე მივყოლოდი. ჩემი მიზნები ჩამოვწერე და საწოლის თავზე ჯვართან ერთად მივამაგრე.
თქვენ კი დამეხმარეთ, ამ მიზნებისთვის ყოველდღიურად მიმეღწია.
Redeem Team
ეს იყო აშშ-ის ნაკრები, რომელმაც წარუმატებელი წლების შემდეგ ყველაფერი შეცვალა. ამ ძლიერ გუნდში თამაშობდნენ ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, დუეინ ვეიდი, ენტონი, ჰოვარდი, კრის პოლი, კრის ბოში და სხვები. მათ პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს. ეს წარმატება აუცილებელი იყო, რადგან 2004 წლის ოლიმპიადასა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებმა იმედგაცრუება განიცადა. Redeem Team-ის სახელიც სწორედ Dream Team-ის გაგრძელებაა - 1992 წლის იმ ლეგენდარული გუნდის, რომელმაც მსოფლიოს ამერიკული კალათბურთის ძალა აჩვენა.
მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კჟიჟევსკიმ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ეს ოლიმპიური ოქრო მისი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო მომენტი იყო.
