მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად, საქართველოს ეროვნული ნაკრები კავკასიურ დერბიში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
უკვე დღეს, 20 მარტს, პლეი-ოფის პირველ თამაშს ერევანი უმასპინძლებს, სულ რაღაც სამ დღეში - 23 მარტს კი, საპასუხო დაპირისპირება თბილისში გაიმართება.
თუ ჩვენი ნაკრები B ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს, სომხებისთვის ეს კლასში ამაღლების საშუალებაა, რადგან ბოლო ერთა ლიგაზე ისინი C დივიზიონში ასპარეზობდნენ, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს და საქართველოს დამარცხებით ჩვენთან ადგილებს გაცვლიან - ჩვენ ქვემოთ ჩავალთ, ისინი ზემოთ ავლენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ დაშვების დონეზე.
საქართველოს და სომხეთის გზები ამ დრომდე საფეხბურთო მოედანზე 7-ჯერ გადაიკვეთა და მინიმალური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის: 3 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი. ის კი არა, დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სწორედ სომხეთთან ფიქსირდებოდა (7-0), შემდეგ კი ეს შედეგი ტაილანდთან (8-0) გამარჯვებით გავაუმჯობესეთ.
ჩვენს შორის უკანასკნელი მატჩი 2020 წლის 15 ნოემბერს, ჩრდ.მაკედონიასთან ავადსახსენებელი მარცხის შემდეგ, რამდენიმე დღეში გაიმართა და სომხების მინიმალური გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
უკანასკნელი გამარჯვება სომხების წინააღმდეგ 2011 წელს, სწორედ ერევანში გვაქვს მოპოვებული, როცა ალექსანდრე იაშვილის და დავით სირაძის გოლებით მეტოქეს 2:1 ვაჯობეთ.
საინტერესოა, რომ მეზობელ ნაკრებთან სამი გამარჯვებიდან 2 სწორედ ერევანში გვაქვს მოპოვებული (ორივე ერთნაირი ანგარიშით 2:1).
დღევანდელ დაპირისპირებაში დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდებიან გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. კაპიტნის არყოფნაში გუნდს სამკლაურით მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გაიყვანს - ამის შესახებ ვილი სანიოლმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დამატებითი მოტივაციით გავა მოედანზე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბოლო დროს ისედაც შესანიშნავ ფორმაშია. საქმე ისაა, რომ სომხეთის ნაკრებს ამჟამად აიაქსის ყოფილი მწვრთნელი, ჯონ ვან'ტ სხიპი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართველს ნიდერლანდურ გუნდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა. სხვათაშორის, სხიპმა ამის შესახებ მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს იმ დროისთვის აიაქსში ორი სხვა ფორვარდის, აკპომის და ბრობის ყოფნის გამო მოხდა.
სომხეთის ეროვნული ნაკრები ამ თამაშს შემდეგ ფორმაში ხვდება: ბოლო 5 მატჩი - 1 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი. ზუსტად ანალორიური შედეგი გვაქვს ბოლო 5 მატჩში დაფიქსირებული ჩვენც. თუმცა, ორივე გუნდმა თავისი ბოლო მატჩი 2024 წლის ნოემბერში ჩაატარა - მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სომხეთის ნაკრებში კი ახალი მწვრთნელიც დაინიშნა, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ დებიუტი ექნება.
სავარაუდო შემადგენლობები
სომხეთი: ჩანჩარევიჩი, ტიკნიზიანი, მურადიანი, ჰაროიანი, ჰოვანესიანი, მანველიანი, უდო, ივუ, ბიჩახჩიანი, რანოსი, სერობიანი
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები