ბაიერნმა ბუნდესლიგის სეზონი ალიანც არენაზე კიოლნის განადგურებით (5:1) დაასრულა.
ვინსენტ კომპანის გუნდისთვის ეს გამარჯვება ჩემპიონობის აღსანიშნავად იდეალური ფონი გამოდგა. მატჩის მთავარი გმირი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც მორიგი ჰეთ-თრიკი შეასრულა, სეზონში თავისი გოლების რაოდენობა 36-მდე გაზარდა და გუნდს ბუნდესლიგის ახალი რეკორდის დამყარებაში დაეხმარა, ბაიერნმა ჩემპიონატი სარეკორდო 122 გოლით დაასრულა. კეინის გარდა, თავი ტომ ბიშოფმა და ნიკოლას ჯექსონმა გამოიჩინეს.
მატჩის დაწყებამდე სტადიონზე ემოციური გარემო იყო, რადგან კლუბი ოფიციალურად დაემშვიდობა ლეონ გორეცკას, რაფაელ გერეიროსა და ნიკოლას ჯექსონს, რომლებიც ზაფხულში გუნდს ტოვებენ. განსაკუთრებული ოვაციები ხვდა წილ გორეცკას, რომელიც მიუნხენში 8 წელი თამაშობდა და მოედანი 82-ე წუთზე, გულშემატკივრების სიმღერების ფონზე დატოვა. გარდა ამისა, ტრიბუნებზე გამოჩნდნენ ბაიერნის 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლეგენდები, მათ შორის ოლივერ კანი და შტეფან ეფენბერგი.
ბუნდესლიგის თასის აწევისა და საჩემპიონო პარადის შემდეგ, ვინსენტ კომპანის გუნდი მთელ ყურადღებას გერმანიის თასის ფინალზე გადაიტანს. მიუნხენელები 23 მაისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, შტუტგარტს დაუპირისპირდებიან და მიზანი მხოლოდ ოქროს დუბლის შესრულებაა.