The Athletic-ის ცნობით, მაიკლ კერიკი სეზონის ბოლომდე მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.
კერიკი წამყვან კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მან და ოლე გუნარ სულშერმა კლუბის ხელმძღვანელებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს.
დარენ ფლეტჩერი, რომელიც რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ ორი მატჩის განმავლობაში დროებით ხელმძღვანელობდა გუნდს, შესაძლოა კერიკს ასისტენტის როლში შეუერთდეს. ასევე ვარაუდობენ, რომ კერიკის მხარდასაჭერად კიდევ ერთი მწვრთნელის დამატებაც იგეგმება.
მანჩესტერ იუნაიტედში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა განცხადებას მომდევნო 48 საათში ელოდებიან.
დროებითი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის პროცესს სპორტული დირექტორი ჯეისონ უილკოქსი და აღმასრულებელი დირექტორი ომარ ბერადა ხელმძღვანელობდნენ, ხოლო საბოლოო თანხმობა სერ ჯიმ რეტკლიფისა და გლეიზერების ოჯახის მხრიდან არის საჭირო.
დროებითი პოსტის დაკომპლექტების შემდეგ ყურადღება ამორიმის მუდმივი შემცვლელის მოძიებაზე გადაერთვება.
44 წლის კერიკს უკვე ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მთავარი მწვრთნელის სამმატჩიანი გამოცდილება სულშერის წასვლის შემდეგ, 2021 წელს.
ყოფილმა ნახევარმცველმა იუნაიტედში ფეხბურთელის რანგში 12 წელი გაატარა (2006–2018), მოიგო პრემიერ ლიგის 5 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა. ის მენეჯერულ საქმიანობას გასულ ზაფხულს მიდლსბროს დატოვების შემდეგ აღარ ეწევა.