უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრის მეორე დღეს იაპონელების ტრიუმფი ვიხილეთ.
კაცთა -66 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტაკეში ტაკეოკა გახდა, რომელმაც ფინალში ტაჯიკი ნურილი ემომალი დაამარცხა.
ტაკეოკამ ტრადიცია გააგრძელა, ზედიზედ მე-8 წელია ამ წონას იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ტაკეოკამ შარშანდელი ვერცხლის მედლის შემდეგ, წელს ოქრო დაიმსახურა.
სენსაციურად წააგო ჰიფუმი აბემ, რომლის 6-წლიანი დაუმარცხებელი სერიაც დასრულდა. მას ზედიზედ 51 დაპირისპირება ჰქონდა მოგებული. იაპონელი ტაჯიკმა ობიდ ჯებოვმა დაამარცხა, რომელმაც ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა წარადგინა, რომელმაც მონღოლ იონდონპერენლეისთან მოგების შემდეგ, 1/8 ფინალში ფინალისტ ემომალისთან წააგო. 1/8 ფინალში გამოეთიშა ასპარეზობას -60 კგ. წონაში გიორგი სარდალაშვილიც.
იაპონური ტრიუმფით დასრულდა ქალთა -52 კგ. კატეგორიის დღეც. ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი უტა აბე, რომელმაც ფინალში კოსოვოელ კრასნიქის აჯობა.
იაპონიას წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ 2 დღეში უკვე 3 ჩემპიონი ჰყავს - რიუჯუ ნაგაიამა (-60 კგ.), ტაკეში ტაკეოკა (-66 კგ.), უტა აბე (-48 კგ.)
ჩემპიონატის მე-3 დღეს საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) იასპარეზებენ.