UFC-ის ლეგენდამ, ჯონ ჯოუნსმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური კომპლიმენტი გაიხსენა, რომელიც მას ოდესმე მიუღია.
საუბარი ეხება გარდაცვლილი რუსი მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის შეფასებას, რომელმაც ამერიკელი მებრძოლი ღვთის საჩუქრად მოიხსენია. ჯოუნსის თქმით, ეს სიტყვები მისთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის მოდის ადამიანისგან, რომელიც იყო უაღრესად პატივცემული და თავის საქმეში დაამტკიცა საკუთარი კომპეტენცია.
38 წლის მებრძოლმა აღნიშნა, რომ ეს შეფასება მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია რელიგიური კონტექსტის გამოც. ჯოუნსი ქრისტიანია, ხოლო აბდულმანაპი მუსლიმი იყო. მისი აზრით, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ასეთი პატივცემული ფიგურისგან ამგვარი აღიარება ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჯოუნსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასოდეს დაავიწყდება ეს კომპლიმენტი და სჯერა ნურმაგომედოვის სიტყვების გულწრფელობის.