-
Aa
+
ფონტის ზომა
ისინი მეგობრობისგან ჯერ კიდევ შორს არიან, თუმცა დენიელ კორმიეს ჯონ ჯონსი ისე აღარ სძულს, როგორც ადრე. UFC-ის მძიმე და ქვემძიმე წონის ორ ყოფილ ჩემპიონს შორის ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მტრული დაპირისპირება არსებობდა.
მათი მეტოქეობა პრესკონფერენციაზე ხელჩართულ ჩხუბსაც მოიცავდა, რასაც მოგვიანებით ოქტაგონზე ორი ორთაბრძოლა მოჰყვა. რემატჩის შემდეგ გასულ წლებში ისინი ინტერვიუებსა თუ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მისამართით კრიტიკულ რეპლიკებს კვლავ ცვლიდნენ, თუმცა ახალი, ერთობლივი პროექტი, შესაძლოა, სწორედ ის აღმოჩნდა, რაც მტრობის საბოლოოდ დასაცხრობად იყო საჭირო.
იმ ფონზე, რომ ვრცელდება ხმები, რომ ლეგენდარულ დუეტს ძალების ხელახლა მოსინჯვა ამჯერად ჭიდაობის ხალიჩაზე შეუძლია, კორმიემ თავის ძველ დაუძინებელ მტერთან მიმართებით პოზიცია შეცვალა.
ჯონსი და კორმიე წელს ALF Reality-ის რეალითი შოუში მწვრთნელები იყვნენ. ეს რუსული პროექტი UFC-ის The Ultimate Fighter-ის ანალოგია, სადაც ორი ცნობილი მებრძოლი პერსპექტიული სპორტსმენების გუნდებს ავარჯიშებს, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს უპირისპირდებიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, გადაღებების დროს ისინი ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებოდნენ, თუმცა, როდესაც შოუ ეკრანებზე გამოვიდა, გულშემატკივრებმა გაცილებით უფრო მსუბუქი და მეგობრული მომენტები იხილეს, ვიდრე ის აგრესია, რასაც UFC-ში მათი ბრძოლების დროს იყვნენ ჩვეულები.
საკუთარ YouTube არხზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორმიე და ჯონსი საჭიდაო მატჩზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, კორმიემ საბოლოოდ შეცვალა აზრი თავის მრავალწლიან მეტოქეზე:
ტაილანდში ჯონსთან ერთად დროის გატარების შემდეგ, მართალია, ის ისევ მაღიზიანებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმდენად ცუდიც არ ყოფილა, როგორც თავიდან მეგონა. როდესაც ვინმესთან ერთად ამდენ დროს ატარებ, ბუნებრივია, იზრდები და მის შესახებ მეტს იგებ.
ჩვენი რთული ისტორიის მიუხედავად, მაინც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემთვის აღარ არის ისეთი გამაღიზიანებელი, როგორიც წარსულში იყო. მასზე ისეთი ანტიპათია აღარ მაქვს, როგორიც ადრე მქონდა.
იმ ფანების საუბედუროდ, რომლებსაც მათი ტრილოგიის ხილვა სურდათ, კორმიე ამბობს, რომ ჯონსი მასთან ჭიდაობაზე უარს აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ALF Global-ის ხელმძღვანელისგან შვიდნიშნა ფინანსური შემოთავაზება აქვთ.
UFC-ის კომენტატორის თქმით, ჯონსი ჭიდაობის ნაცვლად გრეპლინგის მატჩს ითხოვს, რაც კორმიეს აზრით იმის აღიარებაა, რომ ჯონსმა იცის - სუფთა ჭიდაობაში მასთან 10-0 წააგებდა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები

