ალექს პერეირას სურს, რომ მისი შთამაგონებელი ისტორია ყველამ მოისმინოს. გლორის კიკბოქსინგის ყოფილმა ორგზის ჩემპიონმა შერეულ ორთაბრძოლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა, რაც ოქტაგონზე ქვემსუბუქ და საშუალო წონებში UFC-ის ტიტულების მოგებით შეძლო.
პერეირაზე სწრაფად ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის არავის მიუღწევია, რადგან ბრაზილიელს ამისთვის სულ რაღაც ორი წელი დასჭირდა. ახლა იგი შეეცდება გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, რომელიც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვებს ქამარს. ბევრის აზრით, ეს მას ყველა დროის საუკეთესოდ აქცევს, თუმცა თავად სპორტსმენისთვის მოტივაცია სულ სხვა რამ არის.
ალექს პერეირას სურს, მესამე ქამრის მოგებით მის ისტორიას მეტმა ადამიანმა მიაქციოს ყურადღება.
პერეირა UFC-ის უახლოეს ტურნირზე, რომელიც თეთრი სახლის გაზონზე გაიმართება, სირილ განის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამ შეხვედრაში მძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული იქნება გათამაშებული. მესამე დივიზიონის ქამრის მოპოვება ბრაზილიელ ვარსკვლავს სპორტის ამ სახეობის ისტორიაში უნიკალურ ადგილს დაუმკვიდრებს.
პერეირას პირველი მწვრთნელი და არაერთი ვეტერანი მებრძოლი მიიჩნევს, რომ განის დამარცხების შემთხვევაში ის ყველა დროის საუკეთესო გახდება. თუმცა, Megan Olivi-სთან ინტერვიუში ალექსმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა სპორტულ მიღწევებზე ბევრად მნიშვნელოვანია:
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და მე ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვარ. მოხარული ვარ, რომ ამით ჩემი ისტორიის უკეთ ჩვენების შესაძლებლობა მეძლევა. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც რაღაც დიდს აღწევ, ჩვენ კი აქ მესამე ქამარზე ვსაუბრობთ, ადამიანები შენს მიმართ მეტ ყურადღებას იჩენენ.
მედიაც შენზე ერთვება, ეს კი მაძლევს შანსს, უფრო მეტი ვისაუბრო ჩემს ბავშვობაზე, იმ სირთულეებზე, რაც გამოვიარე და რასთანაც ბევრ ადამიანს შეუძლია პარალელის გავლება, თუნდაც ალკოჰოლიზმზე. ახლა ამას უფრო მეტი ადამიანი დაინახავს და ეს ჩემთვის უმთავრესია.
პერეირასა და განის ბრძოლა თეთრი სახლის ტურნირის თანამთავარი მოვლენა იქნება. საღამოს მთავარ შეხვედრაში კი მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონის ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და ილია თოფურია იბრძოლებენ.