14 ივნისს გასამართ UFC White House ტურნირის წინ, ამერიკელ მებრძოლებს - ჯასტინ გეიჯისა და შონ სტრიკლენდს შორის სოციალურ ქსელში მწვავე დაპირისპირება მოხდა.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საშუალო წონის ჩემპიონ შონ სტრიკლენდს თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალეს, რისი მიზეზიც, თავად სპორტსმენის თქმით, დონალდ ტრამპის მისამართით გაკეთებული კრიტიკული კომენტარები გახდა.
სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მხრიდან სტრიკლენდის მხარდასაჭერად ბოიკოტისკენ მოწოდებებს მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი უხეშად გამოეხმაურა. გეიჯიმ ბოიკოტის იდეის ავტორებსა და სტრიკლენდს უგუნურები უწოდა და აღნიშნა, რომ მას, როგორც ნამდვილ ამერიკელს, ლაჩრების მხარდაჭერა არ სჭირდება.
ამ რეპლიკას სტრიკლენდი მყისიერად გამოეხმაურა, გეიჯის უხერხემლო უწოდა და ის ისრაელის ინტერესების მხარდაჭერასა და სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ გეიჯიმ საკუთარი პატრიოტული პოზიცია დაიცვა და განაცხადა, რომ პირველივე დღიდან მისი პრიორიტეტი ღმერთი, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო სტრიკლენდი ყოველ მიზეზგარეშე ლანძღავს საკუთარ ქვეყანას და ამის ფონზე თეთრი სახლის ტერიტორიაზე ფეხის შედგმას უსამართლოდ ითხოვს.
მიუხედავად ოფიციალური აკრძალვისა, შონ სტრიკლენდი ვაშინგტონში გამგზავრებას და ტურნირის დღეს თეთრი სახლის ჭიშკართან საჩემპიონო ქამრითა და მეგაფონით მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობას მაინც გეგმავს.