საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრები ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. ტურნირის მე-4 დღეს, რინგზე 2 ქართველი მოკრივე გავიდა - დავით მხეცაძე და ზურაბ ობოლაძე.
80 კგ. წონით კატეგორიაში, მხეცაძემ თურქ თოფრაქ სალმანის აჯობა, ოღონდ, თავიდან წაგებულად თავად იყო გამოცხადებული. კერძოდ, ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ გამარჯვების ნიშნად ხელი მოწინააღმდეგეს აუწიეს, მაგრამ ორთაბრძოლის დროს საშეჯიბრო პროგრამის ოპერატორმა შეცდომა დაუშვა - მოწინააღმდეგის მიმართ მიცემული გაფრთხილება აღრიცხული არ ჰქონდა. საბოლოოდ, აღნიშნული ტექნიკური შეცდომა განიხილეს და ორთაბრძოლის შედეგი ქართველის სასარგებლოდ შეცვალეს. შედეგად, მხეცაძემ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ზურაბ ობოლაძე ტურნირს 1/8 ფინალურ ეტაპზე მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ბულგარელ ნიკოლაი ივანოვთან დამარცხდა.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია