მადრიდის რეალის ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა აღნიშნა, რომ ოქროს ბურთი პარი სენ-ჟერმენის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას უნდა გადაეცეს.
კროოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო სიებში სხვები ლიდერობენ, მისთვის პირველი ნომერი კვარაა:
ალბათ კვარა ვერ მოიგებს, მაგრამ ჩემთვის ის საკმაოდ მკაფიო პირველი ნომერია! მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გამორჩეულ ფეხბურთელს - მესის, ბელინგემს, მბაპესა და როდრის - საკლუბო დონეზე საშუალო სეზონი ჰქონდათ.
კვარა კი საუკეთესო ფეხბურთელია და, ამავდროულად, გასული სეზონისა და ამჟამადაც მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. მან კლუბთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ქართველმა ვინგერმა 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მისი თამაში იყო ფინალურ ეტაპებზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად კვარა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა, კროოსის მსგავსი ფიგურისგან ასეთი მაღალი შეფასება კვარაცხელიას გლობალურ აღიარებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
წლევანდელი, რიგით 70-ე ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია ისტორიაში პირველად პარიზის ნაცვლად ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ ვის შეხვდება წლის მთავარი ინდივიდუალური პრიზი.