ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, 34 წლის დიეგო დემემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა.
განტვირთვის მიზნით გერმანელმა ნახევარმცველმა განსხვავებული ჰობი აირჩია. ახლა ის კვირაში 4-ჯერ ან 5-ჯერ ბერლინის შარლოტენბურგის რაიონში მდებარე MMA კლუბ Choke Athletics-ში ვარჯიშობს.
დემე, რომელიც ნაპოლის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ლაიფციგთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა, ახლა შერეულ საბრძოლო ხელოვნებას სერიოზულად ეუფლება.
ყოფილი ფეხბურთელი ახალ სპორტში მთლიანად ჩაერთო და აშკარად დიდი ენერგიით გამოირჩევა. ვარჯიშის დროს მისი მწვრთნელიც კი გაოცებულია დემეს შესაძლებლობებით:
მართლა ფრთხილად უნდა ვიყო, ზოგიერთი ადამიანი წარმოუდგენლად სწრაფად სწავლობს!

დემეს მწვრთნელის ასეთი შეფასება ახარებს და ვარჯიშს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმითა და ოსტატობით აგრძელებს. ის არაერთხელ ახერხებს მეტოქის ილეთებიდან თავის დაღწევას და ელვისებურ კონტრშეტევებზე გადადის.
„ნელ-ნელა ვემზადები იმისთვის, რომ საღამოს ჯგუფს შევუერთდე, სადაც საშუალო და მაღალი დონის სპორტსმენები გრეპლინგში ვარჯიშობენ“, - ამბობს დემე.
დიეგო დემე MMA-ში - ეს მართლაც უჩვეულო ისტორიაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰერტაში გატარებული ბოლო 2 წლის განმავლობაში ფეხბურთელს ტვინის შერყევის განმეორებით შემთხვევებთან უწევდა გამკლავება.
გერმანულ-იტალიური წარმოშობის ყოფილი ნახევარმცველი BILD-თან აცხადებს:
ახლა ჩემი თავი ისევ კარგად არის. დავძლიე შიში, რომ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ განმეორებულიყო.
მისი თქმით, მხოლოდ ამ შიშის დაძლევის გამოც კი საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშის დაწყება ღირდა.
ვიხილავთ თუ არა მომავალში დემეს პროფესიონალურ MMA-ში, მებრძოლის რანგში?
ამ კითხვაზე ყოფილი ფეხბურთელი სიცილით პასუხობს:
ამ ვარჯიშების მიზანი ეს არ არის. თუმცა სასიამოვნო და დამამშვიდებელი შეგრძნებაა იმის ცოდნა, რომ საგანგებო სიტუაციაში საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების დაცვას უკეთ შეძლებ.