ლამინ იამალის სწრაფმა პროგრესმა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ მოლოდინები შეცვალა.
ახლა ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი 16 წლის ტალანტი მოექცა.
საუბარია მონპელიეს 1.87 მეტრი სიმაღლის ცენტრალურ თავდამსხმელზე, ლასინე მენიან-პავეზე, რომელიც ფრანგული კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა. L'Équipe-ის ცნობით, ახალგაზრდა ვარსკვლავის დამატებით ბარსელონა, ჩელსი და არსენალი ინტერესდებიან, რაც მონპელიესთვის მისი შენარჩუნების შანსებს ამცირებს.
ვინ არის ლასინე მენიან-პავე?
ლასინე მონპელიეს აკადემიაში 7 წლიდან ირიცხება. ის გამოირჩევა შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით, თუმცა ამავდროულად ძალიან ტექნიკურია, კარგად თამაშობს ზურგით და სივრცეებს იდეალურად იყენებს, რაც მას თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ სრულყოფილ ფორვარდად აქცევს.
მისი პროგრესი იმდენად სწრაფი იყო, რომ თებერვალში, როცა ჯერ კიდევ 15 წლის იყო, მონპელიემ მასთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა (2028 წლამდე). კლუბის პრეზიდენტის თქმით, მათ ისტორიაში ასეთ პატარა ასაკში მსგავსი კონტრაქტი არავის გაუფორმებია. ეს ნაბიჯი სწორედ ჩელსისა და არსენალის მზარდი ინტერესისგან თავის დასაცავად გადაიდგა.
ლასინე საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ლამინ იამალის ამჟამინდელი დონისგან ჯერ შორსაა, ტოპ-კლუბების ინტერესი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო სამყაროში ამ ფორვარდის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგებთ.
