ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა 10 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მდიდრული ვილა შეიძინა.
ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, უძვირფასესი ქონება, რომელიც ბარსელონას ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს, წარსულში ჟერარ პიკესა და შაკირას ეკუთვნოდა. მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ცხოვრება ახლა ფეხბურთის მიღმაც დიდ ინტერესს იწვევს და ეს გრანდიოზული შენაძენიც ამის ნათელი დასტურია.
2012 წელს აშენებული რეზიდენცია 3 800 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და სამ მიწისზედა და ორ მიწისქვეშა სართულს მოიცავს. მდიდრული სასახლე სრულად არის მორგებული უმაღლესი დონის კომფორტზე: მასში შედის ულამაზესი ღია აუზი ჩანჩქერით, შიდა აუზი, კინოთეატრი, პირადი საფეხბურთო მოედანი, პადელის კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი და ხმის ჩამწერი სტუდია.
გავრცელებული ინფორმაციით, უძრავი ქონების შეძენაზე მოლაპარაკებები თითქმის სამი თვე მიმდინარეობდა და პროცესს სრულად იურისტები მართავდნენ. იამალმა სახლის ინტერიერში შაკირას დროინდელი ნათელი და თანამედროვე დიზაინი დიდწილად შეინარჩუნა, თუმცა შეიტანა პირადი შტრიხებიც, მან განაახლა ავეჯი და სპეციალური სივრცე მოაწყო თავისი უკვე შთამბეჭდავი საფეხბურთო ჯილდოებისთვის.