კატალონიის ბარსელონასა და ფრენკი დე იონგს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
მთავარი მიზეზი ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტერფის ტრავმა და მისი მკურნალობის მეთოდია. კლუბის სამედიცინო შტაბი პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად ოპერაციას ითხოვს, თუმცა ფეხბურთელი ქირურგიულ ჩარევაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამ გადაწყვეტილების გამო, ის შესაძლოა მოედანს კიდევ 4-დან 6 თვემდე ჩამოშორდეს, რაც ჰანსი ფლიკის გეგმებს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.
კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას მხოლოდ სამედიცინო უთანხმოება არ იწვევს. ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ გასული სეზონის ბოლოს დე იონგმა კლუბისთვის მაქსიმუმი არ გაიღო და მისი მთავარი პრიორიტეტი ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ფიზიკური ფორმის შენარჩუნება იყო. შედეგად, ნახევარმცველმა გუნდში გარანტირებული ადგილი დაკარგა.
შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ბარსელონას აქტიური ინტერესი მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის, როდრის მიმართ. ესპანელი ნახევარმცველის დამატების შემთხვევაში, კლუბის ცენტრალურ ზონაში უდიდესი კონკურენცია გაჩნდება. ბარსელონას კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ტრავმირებული რომ არ იყოს, დე იონგს უკვე ტრანსფერზე დააყენებდნენ და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონი მისთვის კატალონიურ გუნდში უკანასკნელი იქნება.