სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში ფრანგული საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორწლიანი პაუზის შემდეგ ლიონი და სენტ-ეტიენი შეერკინებიან.
საფრანგეთში იყო დრო, როცა ქვეყნის ყველაზე დიდ ორ გუნდად სწორედ ლიონის ოლიმპიკი და სენტ-ეტიენი (ASSE) მიიჩნეოდნენ. დღესაც კი ბევრი ფრანგი გულშემატკივრისთვის რონის დერბი ფრანგული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩია.
მიუხედავად იმისა, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში წელს დაბრუნდა და კარგი დროება არ ედგა, დიდი ხნის განმავლობაში ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტული სწორედ ამ არც თუ ისე პოპულარული ქალაქის გუნდს ჰქონდა. 1957-დან 1981 წლებამდე გუნდმა 10 ტიტულის მოგება მოახერხა და მხოლოდ 1 წელია, რაც პსჟ-მ ამ რეკორდის მოხსნა მოახერხა.
სენტ-ეტიენის ეს რეკორდი ევროპული საფეხბურთო სტანდარტების მიხედვით დიდ ანომალიადაც მიიჩნეოდა, რადგან ეს ქალაქი საფრანგეთის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით მხოლოდ მე-13 არის, ეს კი ნიშნავს, რომ ის დიდი ფრანგული ქალაქების რიცხვს არ მიეკუთვნება. სხვა პერსპექტივით რომ წარმოვიდგინოთ, ამის ექვივალენტი იქნებოდა, იტალიაში ქალაქ მესინას ან ესპანეთში ქალაქ კორდობას კლუბი რომ ყოფილიყო ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი.
სენტ-ეტიენი არა თუ ცნობილ ფრანგულ ქალაქებს შორის არ შედის, არამედ სიმდიდრითაც არ გამოირჩევა, რაც კლუბის ისტორიულ შედეგებს კიდევ უფრო საოცარს ხდის. სენტ-ეტიენის მოსახლეობა ძირითადად მუშათა კლასს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქთან არსებულ მაღაროებსა და ქარხნებში მუშაობდნენ, რამაც ეს ადგილი მოგვიანებით ინდუსტრიის ჰაბად აქცია.
გეოგრაფიულად, სენტ-ეტიენი ლიონიდან, რომელიც რეგიონის ყველაზე მეტად დასახლებული და კარგად ნაცნობი ქალაქია, 50 კილომეტრშია. კულტურულად კი ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან ცა და დედამიწაა. ლიონი ცნობილია თავისი კულტურით, საჭმლით, არქიტექტურით, რაც აისახება მის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ქალაქის რეპუტაციაზეც.
სწორედ ეს კულტურული განსხვავებაა, რაც ორივე მხარის გულშემატკივრებს ერთმანეთისგან ჰყოფს. ASSE-ს ფანები ქალაქის ინდუსტრიული წარმომავლობით ამაყობენ და სჯერათ, რომ ისინი უფრო მშრომელები და თბილები არიან, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები ლიონში. ლიონის მხარდამჭერები კი არისტოკრატულ როლს ირგებენ და სენტ-ეტიენელებს ნებისმიერი მოცემული შესაძლებლობისას ახსენებენ მათი ქალაქის საწყისებს.
"ჩვენ კინო გამოვიგონეთ, თქვენი მამები კი შახტებში იღუპებოდნენ" - ლიონის ულტრასული დაჯგუფების მხრიდან ასეთ ტიფოებსაც შევხვდებოდით სენტ-ეტიენელთა მისამართით.
ASSE-ს დომინაციის ეპოქამ, როცა გუნდმა 1957-დან 1981 წლამდე 10-ჯერ მოახერხა საფრანგეთის ჩემპიონობა, ოლიმპიკთან მეტოქეობა კიდევ უფრო დაძაბა, რადგან ლიონის გულშემატკივრებს აღიზიანებდათ ის ფაქტი, რომ მათი გუნდი მუშათა კლასის ქალაქიდან წამოსული კლუბის მიერ იჩრდილებოდა.
დერბიმ ყველაზე სასტიკი სახე 90-იანი წლების შუაში მიიღო, როცა ორივე გუნდი ლიგა 1-ში საშუალო დონის პერფორმანსს აჩვენებდა. მხარდამჭერებს შორის შეტაკებები ჩვეულებრივი ამბავი იყო, 1992-93 წლების სეზონში სენტ-ეტიენის ულტრასებმა სტად ჟერლანზე (ლიონის ყოფილი სტადიონი) ბარიერებიც კი გაარღვიეს.
მხოლოდ 2000-იან წლებშიღა მოახერხა ლიონმა, რომ მათ მუდმივ მეტოქეზე უკეთესი შედეგები ეჩვენებინა. ამ დროს ოლიმპიკს ოქროს თაობა ჰყავდა - სიდნი გოვუს, ერიკ აბიდალის, მაიკლ ესიენის, კარიმ ბენზემასა და სხვების სახით, მათ კი ბრაზილიელები - ჟუნინიო და ჯოვანი ელბერი ემატებოდათ, რომლებმაც გუნდს 2001-02 წლებიდან რეკორდული რაოდენობის ზედიზედ 7 ტიტული მოაგებინეს.
მოგვიანებით დერბის დროს ტრიბუნებზე დაძაბულობამ იკლო, რადგან სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება ეკრძალებოდათ, ასეთი ფაქტი 2013-14 წლების სეზონში დაფიქსირდა. 2017 წელს სენტ-ეტიენმა ლიონის ყოფილი მოთამაშის ანტონი მუნიეს იჯარის წესით დამატება გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა მუქარის შეტყობინებები მიიღო ASSE-ს ფანებისგან. ეს კი იმის გამო, რომ მოთამაშეს წარსულში კლუბზე უარყოფითი კომენტარები ეთქვა. ულტრასებმა თავიანთი გავლენა კლუბის გადაწყვეტილებაზე შემდეგნაირად განმარტეს - "ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც კლუბს შეურაცხყოფს, მწვანე მაისურს ვერასდროს ჩაიცმევს."
"სარკევ, სარკევ, რომელია ყველაზე საზიზღარი კლუბი საფრანგეთში?" - ასეთი იყო სენტ-ეტიენის გულშემატკივართა ნამუშევარი ლიონელთა მისამართით.
მაშინ როცა, ბევრ ევროპულ დერბიში არსებული ძალადობა გასული საუკუნის ბოლოში დარჩა, მასიური შეტაკებები რონის დერბის დროს 2020 წლის თებერვალში ჯერ კიდევ აქტუალური იყო, რამაც გულშემატკივრების დაზიანება და მათი საავადმყოფოებში გადაყვანაც გამოიწვია.
ლიონის წარმატებულმა პერიოდმა 2000-იანების დასაწყისში ფრანგული ფეხბურთის ახალ ეპოქას დაუდო სათავე, როცა უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების კლუბები დომინირებენ ლიგა 1-ში. სენტ-ეტიენის ბოლო ტიტულიდან კი უკვე 43 წელი გავიდა. მათი გულშემატკივრებისთვის ის ფაქტი, რომ მუშათა კლასის ქალაქის კლუბი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ფრანგული ფეხბურთის რეკორდსმენი იყო ტიტულების მიხედვით, დიდი სიამაყის წყაროა.
სენტ-ეტიენი წელს ლიგა 1-ში დაბრუნდა, რონის დერბის კი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში კვლავ ვიხილავთ, ამჯერად ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.
გიორგი მიქაუტაძისგან უკვე ვიცით, რომ მას სენტ-ეტიენი დიდად არ უყვარს, რაც მეცში თამაშის დროს მათთან დაპირისპირების დროს გამოავლინა. გოლის გატანის შემდეგ ქართველმა მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს ხელებით 69 მიანიშნა, რაც ქალაქ ლიონის ადმინისტრაციული კოდია. ახლა კი ქართველი სენტ-ეტიენს 69-ნომრიანი მაისურით შეუტევს.
ჟორჟს სენტ-ეტიენის წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
სულ რაღაც 2 წლის წინ ოლიმპიკის გულშემატკივრები საჯაროდ ითხოვდნენ, რომ მათ მოთამაშეებს მწვანე ბუცები აღარ ჩაეცვათ, რადგან ეს სწორედ მათი მეტოქე სენტ-ეტიენის ფერებია. რა თქმა უნდა, მიქაუტაძეს ესეც არ ეშლება.
ამ მეტოქეობის შესახებ დავითაშვილიც უკვე ბევრს გაიგებდა, მატჩის დროს კი ქართველებს შესაძლოა სიფრთხილეც მმართებდეთ, რადგან ორივე გუნდის გულშემატკივრები მათი თითოეულ მოთამაშის ქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
მოახლოებულ დერბიზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმაც ისაუბრა, რომელიც თავის საფეხბურთო კარიერას სწორედ სენტ-ეტიენში იწყებდა.
“ლიონი-სენტ ეტიენი ისტორიული დაპირისპირებაა. ჩვენს ორივე ბიჭს წარმატებები, მაგრამ ამ თამაშში სენტ-ეტიენისკენ ვარ. ზურიკომ ბოლო პერიოდია ძალიან მოუმატა, ეს მხოლოდ გოლებს არ ეხება. იმედია, მიქაუტაძეს მიიღებს სათამაშო დროს. გვჭირდება, რომ თავდაჯერებული იყოს, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია”.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, ზურიკო დავითაშვილი კი ბრწყინვალე ფორმაშია და სენტ-ეტიენის უპირობო ლიდერია, მის აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის კვირის გუნდში ორივე ქართველი ერთად მოხვდა.
ქართველები აქამდე საფრანგეთში ერთმანეთს უკვე 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2022-23 წლების სეზონში ლიგა 2-ში ბორდოსა და მეცის მატჩები შედგა და ორივე შემთხვევაში ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს. ერთ-ერთ თამაშში მეცმა მეტოქე 3-0 დაამარცხა, მიქაუტაძემ კი დუბლი შეასრულა.
დერბის წინ ლიონი სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-6 ადგილზეა, სენტ-ეტიენს კი 10 ქულა აქვს და მე-16 პოზიციაზე იმყოფება. რონის დერბი 10 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები