ბუნდესლიგის მე-10 ტურში ლუკა ლოჩოშვილის კიოლნმა რთული საგარეო მატჩი ჩაატარა და მიუნხენში, ალიანც არენაზე გათამაშების ლიდერ ბაიერნთან ფრეს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ სამი გამოტოვებული შეხვედრის (ორი ჩემპიონატში, ერთი თასზე) შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა რენე ვაგნერმა ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა, სადაც მან შეუცვლელად ითამაშა.
ლოჩოშვილმა დაცვის ხაზში საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა, რის გამოც Sofascore-სგან 7.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მის აქტივში 5-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო დუელი, 4 ამოტანა, 3 ჩაჭრა და 1 დაბლოკილი დარტყმაა. გარდა ამისა, მან 51-დან 43 ზუსტი პასი გააკეთა (84%), ბურთს 66-ჯერ შეეხო და მხოლოდ 8-ჯერ დაკარგა.
მატჩი სტუმრებისთვის იდეალურად დაიწყო. მე-12 წუთზე მაიკლ ოლისეს შეცდომით კიოლნმა ისარგებლა, საიდ ელ მალამ ქუსლით ბურთი მაიკი მურს გადააწოდა, რომელმაც მეკარე იონას ურბიგი მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. ბაიერნისთვის მდგომარეობა მე-20 წუთზე კიდევ უფრო გართულდა, როცა ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა 37-ე წუთზე კეინის ნაცვლად შემოსულმა ტომ ბიშოფმა საგოლე პასი ნათანიელ ბრაუნს გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ტრავმის გამო ოლისეც დაკარგეს.