საქართველოს ნაკრებმა ივნისის პირველ ამხანაგურ მატჩში დინამო არენაზე ფარერის კუნძულების გუნდი მიიღო.
შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარა.
თამაშის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა.
მატჩში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებში საბა ხარებაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
ხარებაშვილმა (16 წლის, 9 თვის და 2 დღის) ლევან ყენიას რეკორდი მოხსნა, რომელიც დებიუტის დროს (16 წლის, 10 თვის და 21 დღის) იყო.
მატჩის ბოლოს ვილი სანიოლმა გიორგი ლორიაც შეცვალა, რომელიც გულშემატკივარმა ოვაციებით გააცილა. ლორიამ ნაკრებში ბოლო, 79-ე შეხვედრა ჩაატარა. ის დავით კერესელიძემ შეცვალა.
საქართველო მომდევნო მატჩს 8 ივნისს, ქუთაისში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.