ლეგენდა, პიროვნება, ლიდერი, მაგალითი - ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა, რომლითაც შეიძლება აღიწეროს გურამ კაშიას 5-წლიანი პერიოდი სლოვანის მაისურში.
,,მისი სათამაშო კარიერა სლოვანში ამ სეზონის შემდეგ დასრულდება, თუმცა კვალი, რომელიც მან სლოვაკეთის ყველაზე წარმატებულ კლუბში დატოვა, ყოველთვის ძალიან ძლიერი დარჩება და ტეჰელნე პოლეს კარი მისთვის მუდამ ღია იქნება.
დიდი მადლობა - სწორედ ამას იმსახურებს დღეს გურამი ჩვენგან და ასევე ოფიციალურ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, რომელიც შაბათს, სეზონის ბოლო მატჩის დროს გაიმართება.
თითქმის 200 მატჩი, 5 საჩემპიონო ტიტული, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, კონფერენს ლიგის მერვედფინალში მოხვედრა, Nike ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში 3-ჯერ მოხვედრა - ყველაფერი ეს ნათლად აჩვენებს, რას მიაღწია გურამ კაშიამ სლოვაკეთის ყველაზე წარმატებული კლუბის მაისურით.
თუმცა წარმატებებსა და სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაღაც არის - ის განსაკუთრებული პროფესიონალიზმი, ადამიანური თვისებები და ლიდერობა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩვენს გასახდელში მოიტანა." - წერია ბრატისლავას სლოვანის ოფიციალურ განცხადებაში.
„ეს ფანტასტიკური მოგზაურობა იყო სლოვანთან ერთად. როცა აქ მოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი ზედიზედ 5 ტიტულს ან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. გასული 5 წელი ჩემთვის წარმატების, გამარჯვებებისა და მხოლოდ კარგი მომენტების პერიოდი იყო. დიდი პატივია, რომ შევძელი სლოვან ბრატისლავას მაისურით თამაში და ამდენი გამარჯვების მოპოვება.
ვამთავრებ ამ თავს სიამაყით იმის გამო, რასაც ერთად მივაღწიეთ. სლოვანი ბოლო 5 წელში ძალიან განვითარდა და ამ პროცესის ნაწილი რომ ვიყავი, ამით ვამაყობ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ხელმძღვანელობას, თანაგუნდელებს - ჩვენ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიეთ.
ყველაფერი გავიღე. შესაძლოა, მუდმივი გამარჯვებებით ცოტათი დავიღალე კიდეც. დადგა დრო, რომ ეს თავი დავხურო და დავემშვიდობო, მაგრამ მივდივარ როგორც ამაყი ადამიანი და იმ განცდით, რომ ჩემი საქმე კარგად შევასრულე,“ - განაცხადა გურამ კაშიამ.
გურამ კაშია 16 მაისს სლოვანის მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს, 2 ივნისს კი კაპიტანი ეროვნულ ნაკრებსაც დაემშვიდობება.