გიორგი გველესიანმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
,,გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე ბოლომდე." - წერს ქართველი მცველი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრების მაისურით გველესიანმა 10 მატჩი ჩაატარა და თავისი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ წარმატებაში, ჩვენს ნაკრებთან ერთად იასპარეზა 2024 წლის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
გველესიანმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, 2017 წლიდან კი ირანულ გუნდებში - ზობ აჰანში, მაზანდარანში, სეპაჰანსა და პერსეპოლისში თამაშობდა.