-
Aa
+
ფონტის ზომა
ადამიანი, რომელმაც 2022 წლის მარტში რუსეთში კონტრაქტი გაწყვიტა და თბილისში დაბრუნდა, დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის თანამედროვე ეპოქის რეკორდსმენია. ეს გზა გაცილებით მეტს გვიყვება, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა.
პსჟ-ში გატარებულმა შთამბეჭდავმა სეზონმა ხვიჩა კვარაცხელიას 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინაცია მოუტანა, ეს მისთვის უკვე მე-3 ნომინაციაა. ასეთია მისი ისტორია...
2026 წლის აპრილში, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ და სანახაობრივ ევროპულ მატჩში, ქართველმა გარემარბმა მიუნხენის ბაიერნს 2 გოლი გაუტანა და ამით ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში საგოლე მოქმედებების რაოდენობით პსჟ-ის საკლუბო რეკორდი დაამხო.
7 დღის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში, პსჟ-ის პირველი გოლის დროს შესრულებული ჭკვიანური გადაცემით ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი გაიტანა ან საგოლე პასი შეასრულა.
კიდევ ერთი კვირის შემდეგ მისმა მორიგმა გოლმა პარიზელებს ლანსის წინააღმდეგ საფრანგეთის ჩემპიონობის მოპოვებაში შეუწყო ხელი.
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, მტკვრის ნაპირებთან დაბადებული და გაზრდილი კვარაცხელია, უპირველეს ყოვლისა, ის ფეხბურთელია, რომლის თამაშიც სიამოვნებას განიჭებს, ის თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ მაყურებელი გაართოს.
ის დრიბლინგს იყენებს, მეტოქეს ცრუ მოძრაობებით აბნევს და ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, რის გამოც ბურთის მიღების შემდეგ მისი შემდეგი ნაბიჯის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია.
მას შეუძლია პირდაპირ წავიდეს მეტოქისკენ და სისწრაფეში ყველაზე სწრაფ მცველებსაც კი აჯობოს. ამ ყველაფერს კი მისთვის დამახასიათებელი, უჩვეულო მოძრაობის სტილით აკეთებს, ერთდროულად ელეგანტურითა და თითქოს ქაოსურით. ალბათ, ამის საუკეთესო აღწერა „ელეგანტური სირბილია“.
ამავდროულად, მას შეუძლია მომენტალურად დაარტყას ან ჩააწოდოს, ზუსტი მოქმედებისთვის სხეულის სპეციალურად მომზადება და ბურთის „დაყენება“ თითქმის არ სჭირდება.
ერთ მომენტში გამანადგურებელი, მეორე მომენტში კი უაღრესად გონივრული, ეს ყველაფერი მის თამაშს განსაკუთრებულ სანახაობად აქცევს.
ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ნეაპოლში, როდესაც ქართველი სერია A-ს მცველებს ანადგურებდა, ნაპოლის გულშემატკივრებმა მას უმაღლესი პატივი მიაგეს და დიეგო მარადონას შეადარეს.
ის „კვარადონა“ გახდა - ფეხბურთელი, რომელსაც, ისევე როგორც ოდესმე ბუცების ჩამცმელ ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს, არაფრისგან შეეძლო ჯადოსნური მომენტის შექმნა.
ეს ყველაფერი შესანიშნავია, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი სანახაობრივი მოქმედებები პერიოდულია.
ეს ერთგვარი შეთანხმებაა, რომელსაც რისკიან გარემარბებთან ვდებთ: აღფრთოვანებულები ვუყურებთ მათ გამორჩეულ ეპიზოდებს, შემდეგ კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი თამაშიდან გაქრობასაც ვპატიობთ.
კვარაცხელიას სხვებისგან სწორედ სტაბილური კრეატიულობა გამოარჩევს - უნარი, უმაღლეს დონეზე ითამაშოს და გუნდზე მნიშვნელოვანი გავლენა კვირიდან კვირამდე მოახდინოს.
გასული სეზონის სტატისტიკაც ამას ადასტურებს: საშუალოდ 90 წუთში ის ბურთით 11.7 პროგრესულ გარბენსა და მეტოქის მოტყუების 5.3 მცდელობას აფიქსირებს.
25 წლის ფეხბურთელს მატჩში საშუალოდ 2.3 ართმევა აქვს - მაჩვენებელი, რომელიც ჩვეულებრივ მცველებს ახასიათებთ და მის შრომისმოყვარეობაზე ნათლად მეტყველებს. შეტევაში კი საშუალოდ 2.2 საკვანძო გადაცემას აკეთებს.
რა თქმა უნდა, ამას ემატება გოლები და საგოლე პასები, უზუსტესი ჩაწოდებები და უშეცდომო დარტყმები, რომლებიც რეგულარულად ხვდება სათაურებში. თუმცა მათ შესახებ ისედაც ყველაფერი ვიცით.
როდესაც 2025 წლის დასაწყისში პსჟ-მ კვარაცხელიას სანაცვლოდ უზარმაზარი თანხა გადაიხადა, მას ურთულესი მისია დააკისრეს, მესი-მბაპე-ნეიმარის ეპოქის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარი ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.
მან ეს ვალდებულება ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეასრულა.
როდესაც ადამიანები, რომლებიც კვარაცხელიას კარგად იცნობენ, მასზე საუბრობენ, ისეთ თვისებებს გამოყოფენ, რომლებიც იდეალური სიძის დახასიათებას უფრო ჰგავს.
ის თავმდაბალია. გულუხვია. პატრიოტია, სამშობლოსადმი ღრმა სიყვარული აქვს, რომელშიც ნაციონალიზმი არ ერევა და რომელიც მხოლოდ სიამაყითაა სავსე.
მისთვის ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას და ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად წარმოუდგენლად ბევრი იშრომა.
მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი და ამავდროულად სასიამოვნო ფაქტი ის არის, რომ მისი დღევანდელი საუკეთესო მეგობრები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც ბავშვობაში, იმ არაფრით გამორჩეული კორპუსის წინ ბურთით თამაშობდა, სადაც გაიზარდა.
ეს დასაფასებელი ღირებულებები სწორედ იმ სახლში ჩამოუყალიბდა, მოსიყვარულე მშობლებისა და ძმების გარემოცვაში.
ისინი დაეხმარნენ, ფეხი მიწაზე მყარად დაეტოვებინა მაშინაც, როდესაც 16 წლის ასაკში საფეხბურთო პერსპექტივისთვის ეროვნული ჯილდო მიიღო.
ამავე ღირებულებებმა შეუწყო ხელი რეალობის სწორად აღქმაში, როდესაც თბილისის დინამოში ნაჩვენებმა ნიჭის პირველმა გაელვებებმა მოსკოვის ლოკომოტივში გადასვლამდე მიიყვანა.
ეს დროებითი იჯარა იყო, რომელმაც მოზარდი რამდენიმე მიზეზის გამო ჩამოაყალიბა, ერთ-ერთი მათგანი კი დღემდე არ ავიწყდება.
უპირველესად, მას ოჯახიდან 2000 კილომეტრით შორს გადასვლა მოუხდა - ცვლილება, რომელსაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა. შემდეგ ხელფასის მკვეთრ ზრდასთან შეგუებაც მოუწია. ცხოვრებაში პირველად კვარაცხელია მდიდარი გახდა.
შემდეგ კი მამამისი ავად გახდა. ძალიან მძიმედ. მოზარდი დაუყოვნებლივ სახლში გაფრინდა და სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო გადაუდებელი ოპერაციის ხარჯები დაფარა.
ბადრი, მისი მამა, რომელიც თავადაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, დღემდე შვილის ყველაზე დიდი მხარდამჭერია. მისი მთავარი საყრდენი.
შემდეგ იყო ყაზანის რუბინი, სადაც ფეთქებადი ქართველი გარემარბი ბრწყინავდა და რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვა.
შემდეგ კიდევ ერთი დაბრკოლება გაჩნდა, ამჯერად გეოპოლიტიკური. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტები შეუჩერდათ, რაც მათ სხვა კლუბებში თავისუფლად გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა.
მიუხედავად უფრო დიდი კლუბების ინტერესისა, კვარაცხელია სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა.
ეს მანამ გაგრძელდა, სანამ 2022 წელს ნაპოლი არ გამოჩნდა. იტალიაში მისი წარმატებების სრულად აღსაწერად უამრავი მიმართულებით შეიძლება წავიდეთ, თუმცა ალბათ ერთი ისტორია ყველაფერს ყველაზე უკეთ გამოხატავს.
ამბობენ, რომ აპენინის ნახევარკუნძულზე გატარებული 3 წლის განმავლობაში, როდესაც ქართული წარმოშობის ადამიანი ნეაპოლში რესტორანში საჭმელად შედიოდა, მას ერთ ევროსაც კი არ ახდევინებდნე.
იტალიაში გატარებული 3 წლის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის შემტევ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ნაპოლის 2 საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
ის იყო კვარადონა. ის იყო კვარავაჯო. მას აღმერთებდნენ. შემდეგ კი ტრანსფერი შედგა. დიდი ტრანსფერი. კარიერის განმსაზღვრელი ნაბიჯი.
ჯერემი სმიტი ფრანგული ფეხბურთის მიმომხილველია, რომელიც დიდი ინტერესით აკვირდებოდა, როგორ გააქარწყლა კვარაცხელიამ „სინათლის ქალაქში“ ყველა ეჭვი თავდადებული და ბრწყინვალე თამაშების სერიით.
როდესაც პსჟ-მ ის შეიძინა, ზოგიერთმა გაკვირვებით წარბი ასწია, რადგან გუნდს ისედაც შთამბეჭდავი შეტევა ჰყავდა. თუმცა მან გუნდს შემადგენლობის სიღრმე, ვარსკვლავური ხარისხი და, ამასთანავე, შრომისმოყვარეობა შემატა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა იმაში, რომ პსჟ-მ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
გარკვეული თვალსაზრისით, ის ძველი სკოლის გარემარბია. გვერდით ხაზთან ახლოს თამაშობს და მეტოქის მოტყუება როგორც ტექნიკით, ისე სისწრაფის უეცარი მომატებით შეუძლია.
მაგრამ ამავდროულად, ის გაცილებით ძლიერია და შესაძლოა უფრო მეტი გამძლეობაც აქვს, ვიდრე ტიპურ გამხდარ გარემარბს. ფიზიკურ ბრძოლაში თავის დაცვა შეუძლია და რაც ლუის ენრიკეს პსჟ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვით სამუშაოს დაუღალავად ასრულებს.
სწორედ ეს არის განსხვავება ამ პსჟ-სა და მესი-მბაპე-ნეიმარის ვერსიას შორის. ახლა გუნდში გაცილებით მეტი ბალანსია, რადგან ენრიკემ თავისი ვარსკვლავი შემტევები აიძულა, უკან ჩამოვიდნენ და დაცვას დაეხმარონ. კვარა ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა.
ნებისმიერ გუნდს დიდი ტიტულის მოსაგებად ცოტაოდენი იღბალიც სჭირდება და ერთი ფეხბურთელიც, რომელიც დანარჩენებზე ოდნავ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ სეზონში კი პსჟ-სთვის ეს ფეხბურთელი კვარა იყო.
ფეხბურთელი, რომლისაც მეტოქე გუნდებს ეშინიათ; რომელსაც შეუძლია როგორც შიგნით შეიწიოს, ისე ფლანგზე გააგრძელოს თამაში; შეუძლია დაარტყას ან პასი გააკეთოს.
ფეხბურთელი, რომელსაც ბრწყინვალე გოლით ან ტექნიკური ოსტატობის ერთი გაელვებით მატჩის გახსნა შეუძლია.
მაგრამ ამავე დროს ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ბალანსს აძლევს და კოლექტივის წარმატებისთვის საკუთარ თავს ბოლომდე ხარჯავს.
როდესაც ხვიჩა კვარაცხელია პარიზში გადავიდა, ის ნეაპოლის პრინცის სტატუსით ჩავიდა. ახლა კი მზად არის, ტახტი დაიკავოს და მეფე გახდეს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები