პეპ გვარდიოლას შვილმა, მარია გვარდიოლამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
,,მამა, ერთ წამში გავიდა დრო და უკვე 10 წელი გახდა. 10 სეზონი. ასობით გასვლითი თამაში, მოგზაურობები უემბლიზე, ძალიან ბევრი ღამე ბერნაბეუზე და მილიონობით მოგონება.
ფეხბურთი არასდროს ყოფილა უბრალოდ სპორტი. მან გადაწყვიტა, სად ვიცხოვრებდით, რამდენჯერ გადავიდოდით, რა ენებს ვისწავლიდით, რა მეგობრებს შევიძენდით და რა ემოციებს განვიცდიდით. რაც თავი მახსოვს, ეს იყო ფეხბურთის სტადიონები. გადასვლა დოჰაში, მექსიკაში, რომში, ბრეშაში, ბარსელონაში, ნიუ-იორკში, მიუნხენსა და მანჩესტერში. მადლობა, რომ ბავშვობა სპორტის გარშემო აგვიშენე, რაღაც ისეთი იშვიათი და განსაკუთრებული.
ჩვენ ისევ გადავედით, მე-8-ჯერ 14 წელიწადში. მანჩესტერის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია. შენ შეცვალე მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ლიგა. მიაღწიე იმას და დაამყარე ისეთი რეკორდები, რომლებიც შეიძლება აღარასდროს განმეორდეს. და ჩვენ ამ ყველაფრის გამოცდილება ყველაზე ახლო ადგილიდან მივიღეთ.
ყველაზე ბედნიერი და ყველაზე სევდიანი ცრემლები ფეხბურთმა მოგვიტანა, რადგან შენ რომ თითოეულ წამს ასე ძლიერად ცხოვრობდი, ჩვენც ყველაფერს შენთან ერთად განვიცდიდით. ის 90 წუთი, როცა თითქოს მთელი მსოფლიო ჩერდება.
მგონია, რომ ხალხს სწრაფად ავიწყდება, რადგან ფეხბურთი სწრაფად მოძრაობს და ყოველთვის ახალი სეზონი იწყება. მაგრამ დრო რომ გავა, მივხვდებით, რამდენად წარმოუდგენელი იყო სინამდვილეში ეს რიცხვები - 41 ტიტული 16 წელიწადში.
წლების შემდეგ ადამიანები ფეხბურთზე ილაპარაკებენ და ეცდებიან ახსნან, როგორი იყო ეს ეპოქა. ილაპარაკებენ შენს გუნდებზე და იმაზე, რას აგრძნობინებდნენ ისინი ხალხს. რადგან ტიტულების მიღმაც, შენ მოგონებები დაგვიტოვე - ისეთი, რომლებშიც რეალურ ცხოვრებას ვემალებოდით.
პრივილეგია იყო თითქმის 25 წლის განმავლობაში შენი ყურება და მხარდაჭერა. მადლობა, რომ ყოველთვის ყველაფერთან ასე ახლოს გვამყოფებდი, რომ ყველაფერში გვრთავდი. მაგრამ ყველაზე დიდი პრივილეგია იყო ამ ყველაფრის გვერდით ცხოვრება.
როგორც ქალაქელებს, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და მეტოქეებს, მოგვაკლდება შენი ყოველკვირეულად ეკრანებზე ნახვა. რადგან ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ, დგება ბოლო მატჩი, ბოლო სასტვენი. და ამ მომენტისთვის არცერთი ჩვენგანი არასდროს არის ბოლომდე მზად.
მადლობა, მამა - ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი რაღაცები ყოველთვის ამ თამაშამდე მიდის.
მსოფლიოსთვის ეს ისტორიული საფეხბურთო მომენტები იყო, ჩვენთვის კი - ოჯახური მოგონებები. და მგონია, რომ სანამ ამ ყველაფერს ვცხოვრობდით, ვერც კი ვხვდებოდით, რომ ფეხბურთის ისტორიის შიგნით ვიყავით. და ეს რჩება დიდი ხნის შემდეგაც - ბოლო სასტვენის შემდეგ." - წერს მარია გვარდიოლა.