ერლინგ ჰალანდი აცხადებს, რომ მანჩესტერ სიტისგან მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა ველოდოთ.
სიტის თავდამსხმელმა და კლუბმა მზით განათებულ საჩემპიონო აღლუმზე ასოციაციისა და კარაბაოს თასების მოგება ათასობით ფანთან ერთად აღნიშნეს. საჩემპიონო ზეიმში მონაწილეობდა ქალთა გუნდიც, რომელმაც ინგლისის სუპერლიგა მოიგო, და ახალგაზრდული შემადგენლობაც.

ეს ზეიმი განსაკუთრებული და ემოციური გამოდგა, რადგან გუნდი საბოლოოდ დაემშვიდობა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას, რომელმაც ეტიჰადზე გატარებულ 10 წელში 20 უმნიშვნელოვანესი ტიტული მოიპოვა და ასევე კლუბის ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს - ბერნარდუ სილვასა და ჯონ სტოუნსს.
მიუხედავად განშორების სევდისა, პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მფლობელი ერლინგ ჰალანდი მომავალს დიდი ოპტიმიზმით უყურებს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ორი თასის მოგებისა, მაინც დარჩა განცდა, რომ გუნდს მიმდინარე სეზონში უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.
ნორვეგიელმა ფორვარდმა დიდი პატივისცემით ისაუბრა წასულ თანაგუნდელებზე, რომლებმაც ექვს-ექვსჯერ მოიგეს პრემიერ ლიგა და კლუბის ნამდვილ სიმბოლოებად იქცნენ. ჰალანდმა ხაზი გაუსვა, რომ ამაყობს მათთან ერთად მოგებული ტიტულებით, თუმცა დარწმუნებულია, რომ სიტის წინ კიდევ უფრო მასშტაბური ტრიუმფები და უკეთესი საჩემპიონო აღლუმები ელის.