ესპანელმა ჟურნალისტმა, ედუ აგირემ ბარსელონას მიერ როდრის დამატება გააკრიტიკა.
მისი თქმით, ეს ტრანსფერი კატალონიური კლუბისთვის სრულიად ზედმეტი იყო, რადგან გუნდს უკვე ჰყავს ამ პოზიციის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი - მარკ ბერნალი.
გადაცემა El Chiringuito-ში საუბრისას აგირემ აღიარა, რომ როდრის ხილვა მადრიდის რეალში სურდა. თუმცა, მისი კრიტიკა ფეხბურთელის სათამაშო დონეს კი არა, ბარსელონას გადაწყვეტილებას ეხება, რომელმაც უკვე დაკომპლექტებულ პოზიციაზე უზარმაზარი თანხა დახარჯა.
როდრის ხილვა მადრიდში მინდოდა, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ბარსელონამ ის მხოლოდ იმიტომ იყიდა, რომ რეალისთვის წაერთმია
ჟურნალისტის აზრით, ხუან ლაპორტას სურდა, ხულიან ალვარესის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, გულშემატკივრების თვალში ქულები დაეწერა და მარტივი აპლოდისმენტები მიეღო.
ყველაზე მეტად აგირე მარკ ბერნალის ბედზე წუხს:
მიმაჩნია, რომ როდრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბარსელონასთვის ის ზედმეტია. მარკ ბერნალი ვარსკვლავია, ბარსელონას შვილია, როდრის ტრანსფერი კი მას უბრალოდ სკამზე დასვამს. იყო კი ეს აუცილებელი? რატომ გადაიხადა ბარსელონამ 80 მილიონი ევრო?
მიუხედავად ამ კრიტიკისა, როდრის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რომ ესპანელი ნახევარმცველი გუნდს გამოცდილებასა და სტაბილურობას შემატებს. ბარსელონამ ტრანსფერი 76.5 მილიონ ევროდ დახურა (60 მილიონი ფიქსირებული, 16.5 ბონუსები).
ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ შეძლებს ფლიკი როდრის გამოცდილებისა და ბერნალის ტალანტის დაბალანსებას მომავალ სეზონში.