სატესტო მატჩები დასრულდა. ჟოზე მოურინიოს სიტყვებით, ახლა "რთული და კარგი მუშაობის" დროა.
ლა ლიგაში ესპანიოლთან გასამართი სადებიუტო შეხვედრის წინ, მადრიდის რეალმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. გუნდს უკვე 243 წუთია გოლი არ გაუშვია, რაც პოზიტიურ განწყობას ქმნის.
ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ამ 6 მატჩმა გარკვეული კითხვებიც გააჩინა, თუმცა გამოკვეთა მოურინიოს ტაქტიკური ხედვები:
4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი შეტევაში:
ახალი რეალის მთავარი მახასიათებელი შეტევის ხაზია. მოურინიომ 4-2-3-1 სქემა აირჩია, რომელიც ოთხი მთავარი ვარსკვლავის იან დიომანდეს, ჯუდ ბელინგემის, ვინისიუს ჟუნიორისა და კილიან მბაპეს ერთად სათამაშოდ არის შექმნილი. მართალია, ოთხეულს ერთად ჯერ არ უთამაშია, თუმცა ნათელია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფსონს სწორედ მათზე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ სათადარიგო სკამზე შესანიშნავ ფორმაში არიან არდა გიულერი (რომელიც ბელინგემის იდეალური ალტერნატივაა) და ბრაიმ დიასი.
ბრძოლა ნახევარდაცვაში:
მთავარი კითხვა საყრდენი ნახევარმცველების პოზიციას ეხება. ჩუამენის, ვალვერდესა და ბერნარდუ სილვას შორის უდიდესი კონკურენციაა, რომლებსაც კამავინგაც ემატება. მოსამზადებელ ეტაპზე კამავინგამ ყველაზე მეტი დრო მიიღო, რადგან ის გუნდთან ერთად პირველივე დღიდან ვარჯიშობდა.
დაცვის ხაზი ჯერ კიდევ გაურკვეველია:
ტრავმებისა და მოთამაშეების დაგვიანებით დაბრუნების გამო, მოურინიოს დაცვის იდეალური ოთხეული ჯერ არ ჩამოუყალიბებია.
მარცხენა ფლანგი: კუკურელიამ დაგვიანებით დაიწყო ვარჯიში, მენდი კი ტრავმირებულია, რის გამოც ალვარო კარერასმა სარეკორდო სათამაშო დრო მიიღო.
მარჯვენა ფლანგი: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და დენზელ დუმფრისმა თითქმის თანაბარი დრო მიიღეს. ზოგჯერ მოურინიო მათ ერთად იყენებდა (ტრენტი დაცვაში, დუმფრისი ფლანგზე).
ცენტრალური დაცვა: მილიტაო ტრავმირებულია და სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. მის არყოფნაში მოურინიო რიუდიგერის, ჰიუისენისა და კონატეს კომბინაციებს ცდის.
ერთადერთი პოზიცია, სადაც კითხვები არ არსებობს, მეკარეა - ტიბო კურტუა კვლავ შეუცვლელია. ჟოზე მოურინიო თავის საბოლოო კარტებს შაბათს, ესპანიოლთან მატჩში გაშლის.