• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჟოზე მოურინიოს 10 საუკეთესო ტრანსფერი
ფეხბურთიფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს 10 საუკეთესო ტრანსფერი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტიტულოვანი პორტუგალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სხვადასხვა კლუბის მაისურით არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია. მოურინიოსთვის ეს ზაფხული ტრანსფერების მხრივაც დატვირთული გამოდგა, მადრიდის „რეალი“ ხომ ხელახალი ფორმირების პროცესშია მას შემდეგ, რაც 63 წლის სპეციალისტი გუნდის სათავეში მეორე ვადით დაბრუნდა.


მადრიდულმა გრანდმა „განსაკუთრებულს“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და იან დიომანდეში, მარკ კუკურელიასა და დენზელ დუმფრისში ჯამში 200 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ბერნარდო სილვა და იბრაჰიმა კონატე თავისუფალი აგენტების სტატუსით დაიმატა. 


„სამეფო კლუბი“, რომელშიც უკვე ირიცხებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, ჯიუდ ბელინგემი და ფედერიკო ვალვერდე არიან, მზადაა, კიდევ ერთხელ შეეცილოს კატალონიურ „ბარსელონას“ შიდა პირველობაში და წარმატებას მიაღწიოს ჩემპიონთა ლიგაზე.



ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთში ცოტა მწვრთნელს თუ შეუძლია პორტუგალიელი ტაქტიკოსის სელექციურ წარმატებას გაუწიოს კონკურენცია. ისტორია ამტკიცებს, რომ „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ დამრიგებელს ტალანტის შერჩევისა და მომგებიანი ტრანსფერების გამორჩეული ხედვა აქვს. გთავაზობთ პრესტიჟული გამოცემა Goal-ის მიერ შერჩეულ, ჟოზე მოურინიოს კარიერის 10 საუკეთესო ტრანსფერს.


10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“-დან „მანჩესტერ იუნაიტედში“, თავისუფალი აგენტი)


იბრაჰიმოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელს 2016 წელს „იუნაიტედში“ შეუერთდა როგორც თავისუფალი აგენტი — სწორედ მაშინ, როდესაც თავისი კარიერის ყველაზე შედეგიან სეზონს ასრულებდა. შვედმა ფორვარდმა პარიზში გატარებულ ბოლო სეზონში 51 მატჩში 50 გოლი გაიტანა. ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობდა, რომ 34 წლის ფეხბურთელის გადაბირება გვიანი იყო, თუმცა „იბრაკადაბარა“ მოურინიოს გუნდის შეტევის მთავარ ძალად იქცა და გულშემატკივართა სიყვარულიც მალე მოიპოვა.



ზლატანმა 2016-17 წლების სეზონში „წითელი ეშმაკების“ ფორმით 28 გოლი შეაგდო. მათ შორისაა დუბლი ინგლისის ლიგის თასის ფინალში „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. მან ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის მიერ ევროპა ლიგის მოგებაში. მართალია, მძიმე ტრავმამ ვეტერანი ფორვარდის მეორე მანჩესტერული სეზონი შეაფერხა, რის შემდეგაც ის MLS-ში გადაბარგდა, მაგრამ გუნდში მებრძოლი და გამარჯვებაზე ორიენტირებული მენტალიტეტის დამკვიდრებისთვის ის „ოლდ ტრაფორდიდან“ გმირის სტატუსით წავიდა.


9. სესკ ფაბრეგასი („ბარსელონადან“ „ჩელსიში“, 27 მილიონი ფუნტი)


„არსენალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ფაბრეგასმა „ბარსელონადან“ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ თავისი საკლუბო კარიერის პიკს მიაღწია.


2014 წელს „ჩელსის“ მიერ ფაბრეგასის შეძენა გარკვეულწილად სარისკო ნაბიჯად ითვლებოდა, რადგან კატალონიაში მისი სამწლიანი ასპარეზობა არც ისე შთამბეჭდავი იყო. მიუხედავად ამისა, მოურინიომ შეძლო ესპანელი ნახევარმცველის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. თავის სადებიუტო წელსვე, როდესაც „ლურჯებმა“ პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვეს, სესკმა წარმოუდგენელი 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ის ოდნავ უკან, ე.წ. „დაბალ პოზიციაზე“ დააყენა, რათა დაცვასა და შეტევას შორის ხიდის როლი ეთამაშა.


მოურინიომ ფაბრეგასს „მაესტრო“ უწოდა, რადგან ესპანელის შემოქმედებითმა გენიამ „ჩელსი“ სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, თავდამსხმელ დიეგო კოსტასთან მას თითქოს ტელეპათიური კავშირიც კი ჰქონდა. სესკის გავლენა მოურინიოს წასვლის მერეც დიდხანს შენარჩუნდა: მან ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ჩელსისთან“ ერთად 2016-17 წლების სეზონში კიდევ ერთხელ მოიგო ინგლისის პირველობა და როგორც ხშირად აფასებენ, სწორედ „ჩელსიში“ მიაღწია თავისი საკლუბო კარიერის პიკს.


8. მაიკლ ესიენი („ლიონიდან“ „ჩელსიში“, 24.4 მილიონი ფუნტი)


2005 წლის ზაფხულში „ჩელსიმ“ საკლუბო რეკორდი მოხსნა და „ოლიმპიკ ლიონედან“ მაიკლ ესიენი დაიმატა, განელმა შუახაზელმა კი ყოველი დახარჯული გროში გაამართლა. ესიენი იყო კლასიკური ე.წ. Box-to-Box ნახევარმცველი, რომელსაც ჰქონდა ფიზიკური ძალა, რომ ნებისმიერი მეტოქე დაეჯაბნა და თამაში ბრწყინვალედ წაეკითხა.


2006 წლის დეკემბერში პრინციპულ მეტოქე „არსენალის“ კარში გატანილი მისი შორეული გასროლა პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ითვლება. „ჩელსის“ მეორე საპრიზიო ტიტული მოურინიოს ხელმძღვანელობით სწორედ ესიენის თამაშს ეფუძნებოდა. ის კლუბში ცხრა წლის განმავლობაში დარჩა და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.


ჟოზე მოურინიომ მაიკლ ესიენი მადრიდის „რეალში“ ერთწლიანი იჯარით წაიყვანა. პორტუგალიელმა განელის გავლენა ორ მოკლე წინადადებაში იდეალურად შეაჯამა: „11 ესიენი რომ მყავდეს, ყველაფერს მოვიგებდი. ის წარმოუდგენელი იყო, აბსოლუტური პროფესიონალი“.


7. ბენედიქტ მაკკართი („სელტადან“ „პორტუში“, 3 მილიონი ფუნტი)


ბენი მაკკართიმ მოურინიო ჯერ კიდევ 2001-02 წლების სეზონში გაიცნო, როდესაც „პორტუში“ იჯარით თამაშობდა (პორტუგალიის ლიგის 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა), თუმცა ფინანსურმა შეზღუდვებმა მაშინ კლუბს მისი სრულად გამოსყიდვის საშუალება არ მისცა. „პორტუსთვის“ საბედნიეროდ, მომდევნო სეზონში სამხრეთ აფრიკელი „სელტაში“ იშვიათად თამაშობდა, რამაც პორტუგალიელებს 3 მილიონ ფუნტად მისი ხელახლა დამატების გზა გაუხსნა, ეს ნაბიჯი კი მოურინიოს მხრიდან ნამდვილი მიზანში გარტყმა აღმოჩნდა.


აფრიკელი, რომელმაც ევროპა დაიპყრო


მაკკართი 2003-04 წლების ისტორიულ სეზონში 25 გატანილი გოლით „პორტუს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ორი გოლი მან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერთან“ გამარჯვებისას გაიტანა. 


იმ დროისთვის „პორტუში“ უფრო ტექნიკური ფეხბურთელებიც ირიცხებოდნენ, რომლებმაც ტიტულების მოპოვებაში მეტი ქება დაიმსახურეს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად ბენი მაკართიზე მეტად არავის უშრომია, აფრიკელი ფორვარდი ხომ „პორტუსთვის“ მთავარი იარაღი გახდა შიდა ჩემპიონატისა და ევროპული დუბლის შესრულების გზაზე.


6. დიეგო კოსტა („ატლეტიკოდან“ „ჩელსიში“, 32 მილიონი ფუნტი)


„ის ფეხბურთში ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია“, — განაცხადა მოურინიომ BBC Sport-თან საუბარში მას შემდეგ, რაც 2014 წლის სექტემბერში, „სუონსისთან“ 4:2 მოგებულ მატჩში, დიეგო კოსტამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და სრულად გაამართლა ის მილიონები, რომელიც „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ გადაუხადა.


დიეგო კოსტას შემტევი ძალა და შედეგიანობა „არისტოკრატებისთვის“ ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ცენტრფორვარდი კვირიდან კვირამდე ინგლისური გუნდების დაცვას დაუნდობლად აქცევდა ძალოვან წნეხში, სუფთა ქუჩური სითამამითა და მებრძოლი სულით კი თავისი რეპუტაცია მან 2017 წელს პრემიერ ლიგის მეორე ჩემპიონობითაც გაამყარა.


5. დიეგო მილიტო („ჯენოადან“ „ინტერში“, 22 მილიონი ფუნტი)


30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009 წლის მაისში, როდესაც გენუიდან მილანში გადავიდა გადავიდა, ცნობილი სახე სულაც არ იყო. „სარაგოსასა“ და „ჯენოაში“ გატარებულ ოთხ წელიწადში მან ყურადღების მისაქცევი 77 გოლი კი დააგროვა, მაგრამ უმაღლეს დონეზე არასდროს ჰქონდა ნათამაშები.


მოურინიოს „ინტერს“ დიეგო მილიტო იდეალურად მოერგო პორტუგალიელი დამრიგებლის ტაქტიკურ სქემას და მუდამ გადამწყვეტ მომენტში იჩენდა თავს.


„ინტერნაციონალეს“ მიერ ტრიპლეტის მოგება არგენტინელის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა: მან გამარჯვების გოლი გაიტანა „რომასთან“ იტალიის თასის ფინალში, ერთადერთი გოლი სერია A-ს ბოლო ტურში „სიენასთან“ გასვლაზე (რომელმაც „სკუდეტო“ გაუფორმა გუნდს) და ორივე გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ.


მილიტომ ჩემპიონთა ლიგის ყველა სხვა პლეი-ოფ რაუნდშიც გამოიჩინა თავი. ის ოსტატურად არჩევდა მომენტს და საჯარიმოსა თუ მის მისადგომებში წარმოუდგენელი ეფექტიანობით მოქმედებდა, თანაც ბურთის დაკარგვისას უკან ჩასვლასაც არ თაკილობდა. 


4. უესლი სნეიდერი („რეალიდან“ „ინტერში“, 13 მილიონი ფუნტი)


მადრიდულმა გრანდმა ნახევარმცველი მსხვერპლად შეწირა იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავებისთვის, კრიშტიანუ რონალდუსა და კაკასთვის, ადგილი გათავისუფლებულიყო. ჟოზე მოურინიომ კი 25 წლის ფეხბურთელის ნიჭი პირველივე დღიდან დააფასა და „ინტერის“ თამაში სწორედ ჰოლანდიელის გარშემო ააგო.



სნეიდერი 10-იანის პოზიციაზე ბრწყინვალედ თამაშობდა და თავის საუკეთესო მატჩებს ჩემპიონთა ლიგაზე ატარებდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო „ბარსელონასთან“ ნახევარფინალური მატჩი, სადაც მან გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი. 2009-10 წლების ტურნირზე მან ყველაზე მეტი, 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე „დინამო კიევის“ კარში, 89-ე წუთზე გატანილი დრამატული გოლით „ინტერი“ ადრეული და სამარცხვინო გავარდნისგან იხსნა.


საყოველთაო მოსაზრებით, უდიდესი უსამართლობა იყო ის, რომ „ოქროს ბურთის“ ხმის მიმცემებმა სათანადოდ არ დააფასეს სნეიდერის გასაოცარი წელი, რომელშიც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაც შედიოდა. ის იმსახურებდა ხსენებულ პირად პრესტიჟულ ჯილდოს, თუმცა გამოკითხვაში საუკეთესო სამეულშიც კი ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, მოურინიოს სამუდამო მადლიერება საკმაოდ კარგი ნუგეში იყო — „განსაკუთრებულის“ თქმით, სწორედ ვესმა მისცა მას ტრიპლეტი და მთელი კარიერის საუკეთესო წელი.


3. რიკარდო კარვალიო („პორტუდან“ „ჩელსიში“, 20 მილიონი ფუნტი)


მოურინიომ 2004 წელს „პორტუდან“ „ჩელსიში“ გადასვლისას რიკარდო კარვალიო თან იხმო, პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი მალევე ირგუნა. კარვალიოსა და ჯონ ტერის შორის მყისიერი ურთიერთგაგება დამყარდა, მათმა დაცვის დუეტმა კი ლონდონური კლუბის 50-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ჩემპიონობის მოპოვებაში მყარი საძირკველი წარმოქმნა.


„ჩელსიმ“ 2004-05 წლების სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობით პრემიერ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა (მხოლოდ 15 გოლი) და მხოლოდ 1 მატჩი წააგო. 


კარვალიოს მოთმინება, ანალიტიკური უნარები და ტექნიკური ოსტატობა „ლურჯებისთვის“ მნიშვნელოვანი იყო. 


მოურინიომ ერთხელ კარვალიოს „სრულყოფილი მცველი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ჩელსის“ მსგავსი ფეხბურთელი მეტი აღარ ჰყოლია. მათ მესამედ მადრიდის „რეალშიც“ მოუწიათ ერთად თანამშრომლობა, სადაც ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგეს.


2. სამუელ ეტო’ო („ბარსელონადან“ „ინტერში“, 40 მილიონი ფუნტი და იბრაჰიმოვიჩი)


ჟოზე გაწბილებული იყო, როდესაც 2009 წლის ივლისში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ინტერი“ დატოვა და პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ „ბარსელონაში“ გადავიდა. მოგეხსენებათ, 2009 წელს შვედმა ფორვარდმა 29 გატანილი გოლით „ნერიაძური“ სერია A-ს ტიტულამდე მიიყვანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილით „ბარსაში“ გადასვლა არჩია.


მაგრამ მოურინიოსა და მილანურ გრანდს რომ ეს ყველაფერი უკეთესს უქადდა, მალევე აღმოჩნდა. ზლატანის სანაცვლოდ მილანელებმა 45 მილიონი ევრო მიიღეს, რაც მილიტოსა და სნეიდერის წარმატებულ ტრანსფერებს მოხმარდა, ხოლო სამუელ ეტო’ო სანაცვლოდ „კამპ ნოუდან“ მილანში გადავიდა. 



„არცერთი მწვრთნელი არაა ბედნიერი იბრაჰიმოვიჩის დაკარგვით, მაგრამ არავინაა უკმაყოფილო ეტო’ოს ყოლით. ჩვენ დავკარგეთ ტოპ-მოთამაშე, მაგრამ სხვა ტოპ-მოთამაშეები ავიყვანეთ“. — განაცხადა მოურინიომ ტრიპლეტის მომგები სეზონის წინ.


ბევრის აზრით, „ხურდაში გაყოლილმა“ ეტო’ომ იბრაჰიმოვიჩის არყოფნა არავის აგრძნობინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული 9-იანის პოზიციიდან ფრთაზე გადაიყვანეს. კამერუნელმა ვარსკვლავმა საკუთარი ამბიცია გვერდზე გადადო და მოურინიოს რიგით მებრძოლ ჯარისკაცად იქცა, სადაც დაცვითი დისციპლინა შემტევ ბრწყინვალებაზე წინ დააყენა. მან მაინც შეძლო 16 გოლის გატანა, როდესაც „ინტერმა“ 2009-10 წლების სეზონში არაერთი ტიტული მოიგო.


სხვათა შორის, არცერთ სხვა ფეხბურთელს არ მოუგია ზედიზედ ორი კონტინენტური ტრიპლეტი სხვადასხვა კლუბთან ერთად. 


1. დიდიე დროგბა („მარსელიდან“ „ჩელსიში“, 24 მილიონი ფუნტი)


თავისივე აღიარებით, დიდიე დროგბამ „ჩელსიში“ გატარებულ პირველ სეზონში მოლოდინი ვერ გაამართლა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა, რის გამოც 2005-06 წლების სეზონის წინ „მარსელში“ დაბრუნებაზე ფიქრობდა, თუმცა მოურინიომ შესანიშნავად იცოდა, თუ რა პოტენციალი ჰქონდა აფრიკელ ფორვარდს და წარმატებით გადააფიქრებინა ეს ნაბიჯი.


მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დროგბამ ყველა ტურნირზე ერთად 49 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის „ოქროს ბუცის“ ორი ჯილდოდან პირველი მოიპოვა. ის თავის საუკეთესო ფორმაში ყოფნისას შეაჩერებელი იყო: იგი აერთიანებდა შემზარავ ფიზიკურ ძალასა და პირველი შეხების განსაკუთებულ კონტროლს, რაც დიდ სცენაზე თავის გამოჩენის გარანტიას იძლეოდა.


დროგბამ „ჩელსი“ 2012 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ საკულტო გამათანაბრებელი თავური გაიტანა, მაგრამ მოურინიომ ის ორი წლის შემდეგ, 36 წლის ასაკში, კლუბში დააბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს დიეგო კოსტას შემცვლელი იყო, დროგბამ 40 მატჩში 7 მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მეოთხე პრემიერ ლიგის მედალი მოიპოვა, რის გამოც მოურინიომ მას „ჩელსის ისტორიაში საუკეთესო თანხად შეძენილი ფეხბურთელი“ უწოდა.


ჟოზეს ნათქვამს, როდესაც მან ამაყად განაცხადა დროგბას შეძენისას, რომ მისგან ახალ ტიერი ანრის გამოძერწავდა, ბევრმა იუმორით მიიღო, თუმცა რა კვალი დატოვა კოტ დ’ივუარელმა ინგლისის პირველობის, „ჩელსისა“ და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ყველამ კარგად ვიცით.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩელსი
ინტერი
მანჩესტერი
ჟოზე მოურინიო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენცო სიტიში? - ჩელსი მის გაშვებაზე დაფიქრდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენცო სიტიში? - ჩელსი მის გაშვებაზე დაფიქრდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაალათასარაი ბრუნოს წარმოუდგენელ კონტრაქტს უმზადებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაალათასარაი ბრუნოს წარმოუდგენელ კონტრაქტს უმზადებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეინ რუნის პროგნოზი: ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეინ რუნის პროგნოზი: ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ენცო სიტიში? - ჩელსი მის გაშვებაზე დაფიქრდა

News image

5 სთ წინ

გაალათასარაი ბრუნოს წარმოუდგენელ კონტრაქტს უმზადებს

News image

3 სთ წინ

უეინ რუნის პროგნოზი: ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი?

News image

2 სთ წინ

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება