ალ აჰლი, რომელმაც გასულ წელს ისტორიული კონტინენტური ტიტული მოიპოვა, პირველი გუნდი გახდა, რომელმაც საუდის აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. აზიის ჩემპიონებმა ორშაბათს, ჯედაში გამართულ მატჩში, ყატარული ალ დუჰაილი 1:0 დაამარცხეს.
ალჟირელმა ვარსკვლავმა, რიად მაჰრეზმა, რომელმაც 12 თვის წინ ტიტულის მოპოვებაში უდიდესი როლი ითამაშა, გამარჯვების გოლი 117-ე წუთზე, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. პარასკევს, მეოთხედფინალში, ალ აჰლი მალაიზიურ ჯოჰორ დარულ ტაზიმს დაუპირისპირდება. ფინალური ეტაპი ზედიზედ მეორედ ჯედაში ტარდება.
მაჰრეზმა განაცხადა:
რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვახერხეთ მოგება და ახლა მომდევნო რაუნდზე ვართ ფოკუსირებულები. ყოველთვის ვცდილობთ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღოთ.
სამშაბათს ღამით კი ალ იტიჰადმა განაგრძო ბრძოლა აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე თასისთვის. მათ ჯედაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ალ ვაჰდა 1:0 დაამარცხეს. ალ აჰლის მსგავსად, სერჟიო კონსეისაოს გუნდსაც დამატებითი დრო დასჭირდა წინსვლისთვის. კაპიტანმა ფაბინიომ 130-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
ალ იტიჰადი, რომელიც ამ ტურნირის გამარჯვებული 2004 და 2005 წლებში გახდა, პარასკევს დებიუტანტ იაპონურ კლუბ მაჩიდა ზელვიას შეხვდება. „ძალიან რთული და თანაბარი თამაში იყო. ბედნიერი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ და ვამაყობ ფეხბურთელებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა“ - აღნიშნა კონსეისაომ.
ტურნირის რეკორდსმენი და ოთხგზის გამარჯვებული ალ ჰილალი ასპარეზობას ორშაბათს გამოეთიშა, როცა პენალტების სერიაში ყატარულ ალ სადთან დამარცხდა.