-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯეიმს პირსის თქმით, მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, ან ენდოს კლუბის ერთ-ერთ ვეტერან ვარსკვლავს და იმედი ჰქონდეს, რომ ის უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ დიდხანს გააგრძელებს, ან ახალი ეტაპი დაიწყოს და ფსონი უკვე შეძენილ, 30 მილიონ ფუნტად შეფასებულ მის შემცვლელზე დადოს.
ენფილდზე იურგენ კლოპის ეპოქის წარმატება რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს ეფუძნებოდა და ამ ისტორიაში ალისონ ბეკერზე მნიშვნელოვანი მოთამაშეების დასახელება რთულია. ბევრის აზრით, ბრაზილიელი ლივერპულის დიდებულ ისტორიაში საუკეთესო მეკარეა.
2018 წელს რომადან მის სანაცვლოდ ლივერპულმა შთამბეჭდავი 66.8 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს თანხა დღემდე მეკარეში გადახდილ სარეკორდო თანხებს შორის მეორე ადგილზეა. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელმა ლივერპულს ეს ინვესტიცია სრულად გაუმართლა და მეტიც.
თუმცა, ენფილდზე ახლახან დასრულებული რიჩარდ ჰიუზის ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავლისთვის მზადება იყო. სწორედ ამიტომ, ლივერპულმა ალისონის გრძელვადიან შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის შეძენაში 29.6 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
თუმცა, ჯერჯერობით მაღალი ქართველი მეკარე მოლოდინებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ამავდროულად, 2025/26 წლების რთული სეზონის შემდეგ ალისონი კვლავ თავის საუკეთესო ფორმასთან ახლოსაა, რის გამოც ლივერპული და ირაოლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის ინფორმაციით, მამარდაშვილი უკვე უკმაყოფილოა ენფილდზე მეორე მეკარის როლით და დიდხანს ლოდინს არ აპირებს იმის გასარკვევად, ანდობს თუ არა ლივერპული მას ძირითად შემადგენლობაში ადგილს.
ამასთან, ალისონის კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები კი ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, ლივერპულს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელ მეკარეზე გააკეთებს ფსონს.
The Athletic-ის ჟურნალისტის აზრით, 2027 წელს ამ ორიდან ერთ-ერთს კლუბის დატოვება მოუწევს.
„თუ ალისონი დარჩება, მამარდაშვილი არ შეეგუება იმას, რომ ზედიზედ მესამე სეზონი სათადარიგო მეკარე იყოს“, - განაცხადა პირსმა Walk On-ის პოდკასტში.
თუ ალისონი დარჩება, ეს ალბათ ნიშნავს, რომ მამარდაშვილი წავა. ამასთან, მათ საკმაოდ დიდი თანხა ჩადეს ახალგაზრდა ბელგიელი მეკარის, ლუკა ბრუგმანსის შეძენაში.
„შემდეგ არის იაროში, რომელიც რამდენიმე თვეში დაბრუნდება. ასევე ჰყავთ არმინ პეჩი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იჯარით თამაშობს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კლუბში კმაყოფილები არიან იმ რესურსით, რომელიც 5, 6 ან 7 წლის პერსპექტივაში აქვთ, თუმცა უახლოესი მომავალი ძალიან გაურკვეველია.“
ალისონი რამდენიმე წლით ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, არჩევანის გაკეთება მარტივი იქნებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ მისი ასაკი, ბრაზილიელს 2 ოქტომბერს 34 წელი შეუსრულდება და კონტრაქტის ვადა გახდა მიზეზი, რის გამოც ლივერპულმა მამარდაშვილის შეძენა გადაწყვიტა.
თუმცა, ვალენსიას ყოფილი მეკარის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. იმ მატჩებში, რომლებშიც მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა, მამარდაშვილი ყოველთვის დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა, ხოლო ბურთის ფეხით გათამაშების კომპონენტში ალისონს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ეს ირაოლასთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. ამავდროულად, მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2.01-მეტრიანი მამარდაშვილი მწვრთნელისგან ამ სეზონში მეტ სათამაშო დროს ითხოვს. საპასუხოდ კი, როგორც ირკვევა, ირაოლა კვლავ ალისონის ნდობას აპირებს, თუ ბრაზილიელი ტრავმას არ მიიღებს.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს 18 წლის ბრუგმანსის ტრანსფერი, რომლის სანაცვლოდაც ლივერპულმა დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
ახალგაზრდა მეკარე სეზონს იჯარით გენკში გაატარებს, სადაც მან პროფესიულ დონეზე გაიბრწყინა. სატრანსფერო კორესპონდენტის, გრემ ბეილის ინფორმაციით, ლივერპულს ბრუგმანსთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები აქვს. მან ასევე გაამხილა, თუ როგორ აჯობა ინგლისურმა კლუბმა მისთვის ბრძოლაში არსენალსა და მადრიდის რეალს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები