ლივერპულში ალისონ ბეკერის მომავალი ბურუსითაა მოცული.
ბრაზილიელი მეკარე, რომელიც წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია, მიმდინარე კონტრაქტის ბოლო თვეებს ატარებს. მიუხედავად ამისა, კლუბს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.
The Athletic-ის გავლენიანი ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის ცნობით, ორივე მხარე მოცდის რეჟიმშია. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მისაღებად „ჯერ ძალიან ადრეა“, თუმცა დრო ლივერპულის საწინააღმდეგოდ მუშაობს, იანვრიდან ალისონს, რომელიც კვირაში 250 ათას ფუნტს გამოიმუშავებს, ევროპულ კლუბებთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება სრულიად თავისუფლად შეეძლება. წინა თვეებში მისით იუვენტუსიც ინტერესდებოდა.
მერსისაიდელთა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ართულებს გიორგი მამარდაშვილის ფაქტორი. ქართველი მეკარე ვალენსიადან სწორედ ბრაზილიელის გრძელვადიან შემცვლელად დაიმატეს. ჟურნალისტების შეფასებით, თუ ალისონი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და პირველ ნომრად დარჩება, მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონში სათადარიგო სკამზე ჯდომას უბრალოდ არ შეეგუება, რაც ლივერპულს მეკარეების დეპარტამენტში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
ენფილდზე გატარებული 9 წლისა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტულის მოგების შემდეგ, გამორიცხული არ არის, მალე 34 წლის მეკარემ კარიერაში ახალი გამოწვევის ძიება თავადაც გადაწყვიტოს. მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, თუ ვის ჩააბარებს ლივერპული მთავარი კიპერის პოზიციას.