კილიან მბაპე იხსენებს, რამდენად ახლოს იყო 18 წლის ასაკში ინგლისში, კონკრეტულად კი ლივერპულში გადასვლასთან, ნაცვლად პარი სენ-ჟერმენისა.
„ეს მაშინ იყო, როდესაც მონაკოში ვთამაშობდი. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და, დიახ, ლივერპულში გადასვლასთან ახლოს ვიყავი.
დედაჩემი იურგენ კლოპის დიდი გულშემატკივარი იყო და მისთვის სასურველი ვარიანტი ლივერპული გახლდათ. მას სურდა, რომ იქ წავსულიყავი.
მე არ დავუჯერე, რადგან ჩემს ქალაქში, პარიზში თამაში მინდოდა. არ მინდოდა ჩემი ქვეყანა მანამდე დამეტოვებინა, სანამ ვინმე გავხდებოდი. თუმცა დედა სულ მეუბნებოდა:
ლივერპული - იქ უნდა წახვიდე, ენფილდზე ითამაშებ და ეს შენთვის საოცრება იქნება“. მე კი ვპასუხობდი: „კარგი!
მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე იქ დედაჩემი წავიდა. ქალაქი და სტადიონი ნახა, კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
დაბრუნების შემდეგ მითხრა: „ეს შესანიშნავი კლუბია, ყველა ძალიან კეთილია. ოჯახური და ამავდროულად დიდი კლუბია“.
ის ენფილდზე წავიდა და ეს სტადიონი შეუყვარდა. რამდენიმე მატჩსაც მარტო დაესწრო, რათა ატმოსფერო შეეგრძნო, რადგან სურდა წარმოედგინა, როგორ ვითამაშებდი ამ სტადიონზე.
მუდმივად ვსაუბრობდით. ვეკითხებოდი: „რას ფიქრობ, დედა?“ ის კი მეუბნებოდა: „ჩემი აზრით, ლივერპულში უნდა წახვიდე“.
მე ვპასუხობდი: „კარგი, კარგი, კარგი!“, რადგან იურგენ კლოპი საოცარი მწვრთნელი იყო. მას შევხვდი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მქონდა“.
როგორ შეძლეს ამ მოლაპარაკებების საიდუმლოდ შენარჩუნება? შეხვედრები დაახლოებით 11 000 მეტრის სიმაღლეზე იმართებოდა. კერძო თვითმფრინავი ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბლექპულიდან აფრინდა, სამხრეთ საფრანგეთში, ნიცაში მბაპე აიყვანა და მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ჰაერში დაფრინავდა.
შესაძლოა, ამის შესახებ ვერასდროს ვერავის გაეგო, რომ კლოპს მსოფლიო ჩემპიონატის დროს შემთხვევით არ წამოსცდენოდა.
„მახსოვს, თვითმფრინავში ვიყავით და ჰაერში წრეზე დავფრინავდით, ამ დროს კი ის თავის პროექტს მიხსნიდა“, - ამბობს მბაპე.
„ვუთხარი: „ჩემი დარწმუნება არ გჭირდება. შენ იურგენ კლოპი ხარ, ეს ლივერპულია, უდიდესი კლუბი. რა თქმა უნდა, თუ აქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ინტერესი მაქვს. თუმცა სხვა ვარიანტები და სხვა პროექტებიც მაქვს, რომლებიც ასევე კარგია“.
მას ვუთხარი: „როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, ის კარგი იქნება, რადგან მსოფლიოს რამდენიმე უდიდეს კლუბზე ვსაუბრობთ". ეს სახალისო ისტორიაა.
საბოლოოდ, პსჟ-ში გადასვლა გადავწყვიტე, რადგან პარიზში დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის იმაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობდა, ვიდრე საკუთარ ქალაქში დამემტკიცებინა, რომ ვარსკვლავი შემეძლო გავმხდარიყავი“. - განაცხადა კილიანმა The Athletic-თან საუბარში.