ფერან ტორესმა პარი სენ-ჟერმენში კარიერა ფანტასტიკურად დაიწყო.
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ 6 შეხვედრაში ესპანელმა შემტევმა 7 გოლი გაიტანა, თუმცა აღიარებს, რომ ბარსელონას დატოვება და საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგება მისთვის მარტივი სულაც არ ყოფილა.
26 წლის ფეხბურთელისთვის ახალ ქვეყანასთან, ენასა და ყოველდღიურ რუტინასთან შეგუება მოედანზე თამაშზე ბევრად რთული აღმოჩნდა.
„ეს რთული პროცესია: ერთ დღეს აქ ხარ, მეორე დღეს კი უკვე ბარგს ალაგებ,“ - იხსენებს ტორესი სატრანსფერო ფანჯრის ქაოსს და ყოფილ თანაგუნდელებზე ხუმრობით დასძენს: „ერთადერთი, წამოყვანა ვისიც არ შემიძლია, პედრია“.
პარიზულ გუნდში ადაპტაცია მას ნაცნობმა სახეებმა გაუადვილეს. ტორესი კვლავ მუშაობს ლუის ენრიკესთან, რომელსაც საფეხბურთო მამად მიიჩნევს, გასახდელში კი თანამემამულეს, ფაბიან რუისსა და ბარსელონას აკადემიის ყოფილ აღზრდილს, დრო ფერნანდესს შეუერთდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ გატანილი გადამწყვეტი გოლისა და პარიზში ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ტორესი ოქროს ბურთის 30-კაციან ნომინანტთა სიაში მოხვდა, სადაც მასთან ერთად ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, როდრი და ფაბიან რუისიც არიან. თავად ფეხბურთელი კი მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე ასე ფიქრობს:
„ვისაც ეკუთვნის, ის მოიგებს, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, თუ ესპანელი გაიმარჯვებს, მით უკეთესი“.