-
Aa
+
ფონტის ზომა
ორივე კლუბის მთავარი მწვრთნელი სეზონის წარუმატებელი სტარტის გამო მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზის პერიოდში მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მათი თანაქალაქელები იყვნენ, მანჩესტერ იუნაიტედისთვის ყურადღების მიღმა ყოფნა, სავარაუდოდ, მისასალმებელი აღმოჩნდა.
„წითელმა ეშმაკებმა“ ჩემპიონატის საწყის 5 შეხვედრაში 1989/90 წლების სეზონის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს.
იუნაიტედმა 5 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარის მიმართულებით 113 დარტყმა განახორციელა, რაც ტურის დაწყებამდე პრემიერ ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მაიკლ კერიკზე ზეწოლა თანდათან იზრდება, რადგან მისი გუნდი ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში გამარჯვების გარეშე დარჩა (2 ფრე, 2 მარცხი).
აღსანიშნავია, რომ ორივე მარცხი ოლდ ტრაფორდზე განიცადა, სადაც მანამდე კერიკის ხელმძღვანელობით ჩატარებული 11 მატჩიდან 10 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო.
ახლა მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც საკუთარ მოედანზე ზედიზედ 3 შეხვედრას წააგებს.
ტოტენჰემის გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორჯერ მე-17 ადგილზე გასვლის შემდეგ გუნდის მდგომარეობა ვეღარ გაუარესდებოდა, თუმცა ეს მოლოდინი უკვე გაქარწყლდა.
ლონდონელები მიმდინარე სეზონში ჩატარებული 5 მატჩიდან ვერცერთის მოგებას ვერ ახერხებენ (2 ფრე, 3 მარცხი) და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებიან.
2026 წელს პრემიერ ლიგაში მუდმივად მოასპარეზე გუნდებს შორის ტოტენჰემმა ყველაზე ცოტა, მხოლოდ 18 ქულა მოიპოვა.
ამასთან, კლუბის ისტორიაში შესაძლოა, მხოლოდ მეოთხედ დაფიქსირდეს შემთხვევა, როდესაც გუნდი ჩემპიონატის საწყის 6 შეხვედრაში ვერცერთ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.
რობერტო დე ძერბი ცდილობს, პრემიერ ლიგის ისტორიაში მე-5 მწვრთნელი გახდეს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ პირველ ორ გასვლით მატჩს მოიგებს.
იტალიელ სპეციალისტს ოპტიმიზმის საფუძველს ის ფაქტი აძლევს, რომ ტოტენჰემმა ჩემპიონატში ბოლო 4 გამარჯვებიდან 3 სტუმრად მოიპოვა.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
თებერვალში მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ტოტენჰემი 2:0 დაამარცხა და მეტოქესთან ზედიზედ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (3 ფრე, 5 მარცხი).
ეს ტოტენჰემისთვის ოლდ ტრაფორდზე პრემიერ ლიგის ეგიდით განცდილი 25-ე მარცხი იყო. ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთ გუნდს აქვს კონკრეტული მეტოქის მოედანზე უფრო მეტი შეხვედრა წაგებული.
გამორჩეული ფეხბურთელები და დანაკლისი
მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ბრაიან მბემო ტოტენჰემის წინააღმდეგ განსაკუთრებით შედეგიანია.
ლონდონელებთან ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში მან 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 1 საგოლე გადაცემა). აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ორივე ურთიერთშეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
კონორ გალაჰერმა ტოტენჰემის მაისურით ბოლო შეხვედრაში მე-3 გოლი გაიტანა, რის გამოც შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში მისი ორივე გოლი 65-ე წუთის შემდეგ გავიდა და ორივე შემთხვევაში ტოტენჰემი დამარცხდა.
სანაკრებო პაუზის პერიოდში მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებმა, პატრიკ დორგუმ და ნუსაირ მაზრაუიმ, ტრავმები მიიღეს.
ანალოგიური პრობლემები აქვთ ტოტენჰემის მოთამაშეებს, მიკი ვან დე ვენსა და იან პოლ ვან ჰეკეს.
ორივე გუნდს დაცვაში აშკარა პრობლემები აქვს, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრა უხვგოლიანი გამოვა. ექსპერტების პროგნოზით მატჩში მინიმუმ 3გოლი გავა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები