ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა სიტუაციაზე, როდესაც კლუბმა მას სთხოვა, გოლები აღარ გაეტანა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის ბიოგრაფიაში, რომელიც სებასტიან სტაშევსკიმ დაწერა და პოლონეთში გამოიცა, აღნიშნული იყო, რომ კატალონიური კლუბი პოლონელ ფორვარდს სთხოვდა, 2022/23 წლების სეზონის ბოლო მატჩებში არ გაეტანა გოლები, რათა ბავარიისთვის ბონუსი არ გადაეხადა.
„არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი არ მსურს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბარსელონას და იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობენ. კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. იყო ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც კლუბის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.
მოკლედ რომ ვთქვა, საქმე ბონუსს ეხებოდა და ყველამ იცის, რომ იმ პერიოდში ბარსელონა თითოეულ ევროს ითვლიდა, ამ შემთხვევაში კი საუბარი სოლიდურ თანხაზე იყო.
ჩემთვის ეს არაფერს ცვლიდა. პრობლემა არ მქონდა, მაგრამ ეს გონებაში ჩამრჩა და საკუთარ თავს ვეკითხებოდი – გამეტანა გოლი თუ არა“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ ბოგდან რიმანოვსკისთან ინტერვიუში.