შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო რეიტინგით ჩასვლა სულაც არ არის წარმატების გარანტია.
ეჭვგარეშეა, რომ საფრანგეთის ნაკრები, კილიან მბაპეს წინამძღოლობითა და ვარსკვლავური შემადგენლობით, 2026 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტია. თუმცა, დიდიე დეშამის გუნდს მოუწევს დაამსხვრიოს ორი ისტორიული „წყევლა“, რომელიც ფავორიტებს მძიმე ტვირთად აწევს.
დაწყევლილი რეიტინგი?
მას შემდეგ, რაც ფიფას რეიტინგში საფრანგეთმა ესპანეთს გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა, ისინი ავტომატურად იქცნენ ტურნირის მთავარ პრეტენდენტებად. მიუხედავად ამისა, ისტორია მათ წინააღმდეგაა: ფიფას რეიტინგის არსებობის განმავლობაში, არცერთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნომრის სტატუსით ჩავიდა, ტურნირი არ მოუგია.
ოქროს ბურთის ფაქტორი
საფრანგეთის ნაკრების საქმეს კიდევ ერთი ფაქტორი ართულებს, მათ რიგებში ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, უსმან დემბელე თამაშობს. სწორედ აქ იჩენს თავს მეორე წყევლა: ჯილდოს 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსოფლიო თასი არასდროს აღუმართავს იმ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც ოქროს ბურთის მფლობელი ირიცხებოდა.
ეს წყევლა დაუმარცხებელი აღმოჩნდა ისეთი ლეგენდებისთვისაც კი, როგორებიც არიან: ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ისინი ამ ჯილდოზე 15 წლის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა მათმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონობა მაშინ ვერ მოიპოვეს, როცა ისინი ოფიციალურად საუკეთესოები იყვნენ. საინტერესოა, რომ არგენტინამ 2022 წელს ყატარში ტიტული მაშინ მოიგო, როცა ოქროს ბურთის მფლობელი კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც სამი თვე რჩება. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს და საფრანგეთი ბუკმეიკერებისა თუ ექსპერტების მთავარი ფავორიტია. თუმცა, მესამე ვარსკვლავის მოსაპოვებლად, ფრანგებს ამ ორი ისტორიული ბარიერის გადალახვა მოუწევთ.