-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
ვინსენ კომპანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს პრობლემები შეუქმნა. ვილიან პაჩოს დაუფიქრებელმა ვარდნამ ლუის დიასზე ჰარი კეინს ადრეული პენალტი მოუტანა. მაიკლ ოლისემ თითქმის 2-0 გახადა ანგარიში. შემდეგ უსმან დემბელემ გააფუჭა შესანიშნავი შანსი გასათანაბრებლად.
ლუის ენრიკეს გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ესპანელ მწვრთნელს სჭირდებოდა, რომ მისი ლიდერები სცენაზე გამოჩენილიყვნენ.
და აქ გამოჩნდა ხვიჩა „კვარადონა“ კვარაცხელია.
24-ე წუთზე, როცა ნუნუ მენდეშს ბურთი ჰქონდა, მას ორი ვარიანტი ჰქონდა - დეზირე დუე და კვარაცხელია ორივე თავიანთ მცველებს აკავებდნენ. დუემ უკან დაიხია ცენტრის ხაზთან ბურთის მისაღებად და საკმარისი სივრცე შექმნა, რომ ნახევარ წამში მოტრიალებულიყო.
ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი კვარაცხელიასთვის აჩქარებულიყო და იოსიპ სტანიშიჩიც მზად იყო, თუმცა ქართველი მოჩვენებითი მოძრაობით თითქოს უკან დაბრუნებას აპირებდა, შემდეგ კი მოულოდნელად საპირისპირო მიმართულებით გაიქცა. დუემ შესანიშნავი პასი გადაუგდო ბაიერნის დაცვის ზურგს უკან და კვარაცხელიას დიდი სივრცე დახვდა.
სტანიშიჩისთვის ეს უკვე პანიკის მომენტი იყო - ეს „კვარადონას“ ტერიტორიაა, სადაც შედეგი თითქმის ყოველთვის ერთია.
კვარაცხელიამ სირბილისას გვერდულად გახედა. დაიო უპამეკანოს პოზიცია ნიშნავდა, რომ დემბელესთვის ადრეული პასი შეუძლებელი იყო. დარჩა მხოლოდ ერთი გზა კარისკენ.
სიჩქარე შეანელა, შემდეგ სტანიშიჩს დაუპირისპირდა. იქნებ ეს მცველისთვის გამოსყიდვის შანსი ყოფილიყო?
არა.
თავიდან თითქოს ფლანგისკენ მიდიოდა და ჩაწოდებას აპირებდა, რაც მან სტანიშიჩის წინააღმდეგ ადრე წარმატებითაც გააკეთა. ბაიერნის მცველი მიჰყვებოდა, მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდა კვარაცხელიას უნარი - სრული სისწრაფით შეჩერება და ისევ აჩქარება. ერთი გადატარებით მან წონასწორობა დააკარგვინა სტანიშიჩს, ხოლო როცა მცველი ჩაწოდების დასაბლოკად მოემზადა, ქართველმა შიგნით ,,შეტეხა" ისე სწრაფად, რომ სტანიშიჩი ფაქტობრივად დაიბნა.
მის სასახელოდ, მცველმა მაინც მოახერხა დაბრუნება, მაგრამ ეს ნახევარი მეტრი საკმარისი იყო კვარაცხელიასთვის. 0.06 xG ძალიან მცირე მაჩვენებელია, მაგრამ დიდ ფეხბურთელებს სწორედ ეს ჰყოფნით. დარტყმა უნაკლო იყო, მსუბუქი ტრაექტორიით ბურთმა ნოიერს აუარა გვერდი და ქვედა კუთხეში აღმოჩნდა.
ბაიერნი 1-1 პსჟ
კუთხეში მიმწყვდეულმა მოკრივემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. პარკ დე პრენსი აფეთქდა; კვარაცხელიამ თანაგუნდელებს ცენტრისკენ უხმო და გაახსენა, რომ ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბაიერნთან
მას საქმე არ დაუსრულებია. არც ბაიერნსა და არც პსჟ-ს.
შემდეგ დაიწყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ტაიმი - ორივე გუნდი შეუჩერებლად უტევდა, დაცვა თითქმის არ არსებობდა. დემბელემ ფრანგული გუნდი 3-2 დააწინაურა ტაიმის ბოლოს, სადავო პენალტით და პარიზში არავინ ფიქრობდა, რომ ეს საღამოს ბოლო გოლი იქნებოდა.
პსჟ-მ გაათანაბრა 1-1, ბაიერნმა - 2-2. მეორე ტაიმის დასაწყისში ბევრს ისევ ბაიერნის გათანაბრება ეგონა. ასეთ საღამოს პსჟ-ს უპირატესობა სჭირდებოდა და ისევ ქართველ ლიდერს მიმართა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში კვარაცხელიამ უპამეკანოს აჯობა და საჯარიმოში შევარდა, მაგრამ დარტყმის წინ ფეხები აებნა და დაეცა. ხანდახან ეს მცირე დეტალები საპირისპიროდ მუშაობს.
თუმცა პსჟ და კვარაცხელია არ გაჩერდნენ.
56-ე წუთზე ვიტინიამ შენიშნა, როგორ მიქროდა აშრაფ ჰაკიმი მარჯვენა ფლანგზე. კონრად ლაიმერის შეცდომამ მას დიდი სივრცე მისცა. ჯონათან ტა ცდილობდა დაფარვას, მაგრამ ამით დაცვაში სიცარიელე შექმნა, რომელიც პსჟ-ს ფეხბურთელებმა გამოიყენეს.
ჰაკიმიმ დაბალი პასი გააკეთა, სადაც ბევრი მოთამაშე შეიკრიბა, მაგრამ დემბელემ ჭკვიანურად იმოქმედა - ბურთს გადაახტა, იცოდა რომ უკან პსჟ-ს მთავარი ფიგურა ელოდა.
და იქ იყო კვარაცხელია.
ბურთთან მისულ ქართველს მხოლოდ მომენტის დასრულება სჭირდებოდა. თითქოს შორ კუთხეში უნდა დაერტყა, როგორც პირველ ტაიმში. მანუელ ნოიერმა ეს ივარაუდა და გადაადგილდა.
0.09 xG - კიდევ ერთი მომენტი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამჯერადაც კვარაცხელიამ შანსი არ გაუშვა. მან ბოლო წამს მიმართულება შეცვალა და ახლო კუთხეში დაარტყა - ნოიერი შეცდომაში შეიყვანა.
პარკ დე პრენსი ისევ აფეთქდა - კვარაცხელიამ 2 უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - ჯამურად მხოლოდ 0.15 xG-დან და გაიმეორა ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი: ერთ სეზონში 10 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს შემადგენლობაში.
ჩემპიონთა ლიგის გრანდიოზულ საღამოს, პრინცების პარკზე, ხვიჩა კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის მეფეა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები