ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველმა რაუნდმა მოლოდინს გადააჭარბა. გთავაზობთ კვირის გამორჩეულ მოვლენებსა და გმირებს:
კვირის მომენტი
პსჟ-სა და ბაიერნის მატჩიდან მხოლოდ ერთი მომენტის გამორჩევა უსამართლობა იქნებოდა. პირველად ტურნირის ისტორიაში, ნახევარფინალის ერთ შეხვედრაში 9 გოლი გავიდა. კრიტიკოსები დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრებენ, მაგრამ ეს იყო ორი უმაღლესი დონის გუნდის ბრძოლა, რომლებიც დარტყმას დარტყმით პასუხობდნენ. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ოთხ მატჩში გასულა მეტი გოლი და არცერთი მათგანი არ ყოფილა ტურნირის ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე.
კვირის ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია
ბაიერნთან მძიმე სტარტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია იყო ის მოთამაშე, რომელმაც პსჟ თამაშში დააბრუნა. ჰარი კეინის გოლის შემდეგ, ქართველმა თავისი საფირმო სტილით, მეტოქეების მოტყუებითა და ზუსტი დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა. 25 წლის ხვიჩას ბრწყინვალე სეზონი აქვს: მეორე გატანილი გოლით მას უკვე 10 ბურთი დაუგროვდა 14 მატჩში. მისი თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა.
VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები ბაიერნთან
კვირის სტატისტიკა: ვიქტორ გიოკერეში
არის თუ არა შვედი ფორვარდი მსოფლიოში საუკეთესო პენალტების შემსრულებელი? ატლეტიკოსთან გატანილი გოლი მისთვის ზედიზედ 27-ე ზუსტად გამოყენებული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა.
კვირის სეივი: დავიდ რაია
არსენალს მადრიდში ნამდვილი ქარიშხლის გაძლება მოუწია, ატლეტიკომ კარში 18-ჯერ დაარტყა. რაიამ ხულიან ალვარესის პენალტზე ვერაფერი გააწყო, თუმცა მანამდე არგენტინელს საოცარი ბურთი აუღო.
კვირის გოლი: ლუის დიასი
მიღება, ფინტი და ფინიში.. კოლუმბიელის ეს გოლი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ ორთაბრძოლაში. აღსანიშნავია ჰარი კეინის დიდებული პასიც.
კვირა, რომელიც უნდა დაივიწყოს... დავიდ ჰანცკომ
ატლეტიკოს მცველის დაუდევრობამ გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან ჯერ დიოკერეში წააქცია საკუთარ საჯარიმოში, მოგვიანებით კი მხოლოდ VAR-მა გადაარჩინა, როცა ებერეჩი ეზესთან ინციდენტის გამო მეორე პენალტი არ დაინიშნა.