ლიონის ოლიმპიკს რთული პერიოდი უდგას, გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, ეს კი სატრანსფერო ამბებზეც აისახება. ერთ-ერთი ცხელი სახელი, რომელსაც ლიონიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ, გიორგი მიქაუტაძეა.
Tutto Juve-ს ცნობით, რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს თვალი დაადგა და მათ შორის ყველაზე მეტად ტოტენჰემია დაინტერესებული.
გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლიონში მისი პერფორმანსები კი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და პრემიერ ლიგის კლუბებთან ერთად, იუვენტუსის ყურადღებაც მიიპყრო.
წყაროს ცნობით, ტოტენჰემი ლიონისთვის კონკრეტული შეთავაზების წარსადგენად უახლოეს კვირებში ემზადება, შეთავაზების გაკეთებას ბიანკონერიც ფიქრობს.
მიქაუტაძის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-იც ავრცელებს, რომელიც გიორგის რომას უკავშირებს.
დედაქალაქელებს ქართველის დამატება გასულ ზაფხულსა და იანვარშიც სურდათ, თუმცა ორივე შემთხვევაში ლიონის პოზიცია უპირატესი იყო. ახლა კი ოლიმპიკის პრობლემების გამო ჯალოროსის შესაძლებლობა ეძლევა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი განახორციელოს.