საქართველოს ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 8 ივნისს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა.
"კაბო-ვერდეს სახით განსხვავებული და ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს. თამაში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხუთშაბათს იყო. ფეხბურთელებმა იციან, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. საქართველოში ვთამაშობთ და მიუხედავად იმისა, რომ თამაში ამხანაგურია, მოედანზე მოსაგებად გავალთ.
შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა გეგმა განსხვავებული იყოს იმისგან, რაც შეკრების დაწყებამდე მქონდა. რამდენიმე ფეხბურთელმა ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და მინდა დავრწმუნდე, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა.
ასევე, სხვა ფეხბურთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიჩინონ თავი. ყოველთვის, როდესაც ამხანაგური თამაშები გვაქვს, მსურს, რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მივცე მოთამაშეებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმაღლეს სანაკრებო დონეზე ყველა თამაშის შედეგი მნიშვნელოვანია.
ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა ვითამაშოთ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს. თბილისის გარდა ვიყავით გორში, ბათუმში და ახლა უკვე ქუთაისში ვართ. ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია ქართული ფეხბურთისთვის“. - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, დინამო არენაზე, საქართველომ ფარერის კუნძულები 1-0 დაამარცხა.
კაბო-ვერდესთან მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.