-
Aa
+
ფონტის ზომა
როდესაც „დანდიმ“ 2003 წელს, კლუბის გაკოტრების შედეგად უეცრად გაშვებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ადგილობრივმა გაზეთმა Evening Telegraph, ის კლუბის ისტორიაში „გუნდის ყველაზე სამწუხარო განაცხადად“ შეაფასა.
იმხანად ეს სწორი და მართებული შედარება იყო და სიმართლესაც შეესაბამებოდა, თუმცა დღეს უკვე არსებობს კიდევ ერთი განაცხადი, რომელიც მოკრძალებული შოტლანდიური გუნდის ქომაგებისთვის უაღრესად მტკივნეული გასახსენებელი და დარდის მომგვრელია. იგი ზუსტად სამი წლით ადრე შედგა, იმ ეპოქის დასაწყისში, სანამ „დენს პარკის“ ბინადარი კლუბი ფინანსური კრახის გზაზე დადგებოდა…
2000 წლის ივლისში ივანო ბონეტიმ მოთამაშე-მწვრთნელის რანგში თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრის სასტარტო თერთმეტეული დაასახელა სტუმრად ქალაქ მოთერუელში, „ფირ პარკზე“ სათამაშოდ. გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ „დანდის“ შემადგენლობაში რვა არაშოტლანდიელი შედიოდა. ამ შემადგენლობის ყურება „დის“ ბევრ ფანს გულს უჩერებს, მიზეზი კი სამწუხაროა: ამ მრავალფეროვანი სიიდან პირველები შოტლანდიელები – რობერტ დაგლასი, ბარი სმითი და სტივენ ტვიდი გარდაიცვალნენ, იტალიელი პატრიციო ბილიო 2023 წლის იანვარში, მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს გულის შეტევით დაიღუპა, არგენტინელი ფაბიან კაბალიერო კი ზუსტად ორი წლის წინ, თავის მეორე სამშობლო პარაგვაში, სულ რაღაც 46 წლის ასაკში, ასევე გულის შეტევამ იმსხვერპლა ფუტსალის თამაშის შემდეგ…
მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო არც ისე შორეული ჩანს, „დის“ ფანებისთვის წარმოუდგენლად მტკივნეული გახდა იმის გააზრება, რომ ბონეტის პირველი განაცხადის სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი, „კავკასიელ მარადონად“ წოდებული გიორგი ნემსაძე გამოაკლდა.
54 წლის ასაკში გარდაცვლილი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიკვდილმა „დანდის“ ყველა თაობის გულშემატკივარს გაახსენა ქართველი ლიდერი. შოტლანდიური კლუბის ძველ თაობას რომ ნათლად ახსოვს ნიჭიერი ნახევარმცველი, დღეს უკვე ყველასთვისაა ცნობილი, ახლებს კი კარგად აქვთ გააზრებული წარსულის დაფასება.
გიორგი ნემსაძის „დანდიში“ ყოფნის პერიოდში „მუქმა ლურჯებმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგის ექვსეულში მოხვედრა და ქვეყნის თასის ფინალში თამაში მოახერხეს, რაც ერთი შეხედვით, თითქოს არაფრით გამორჩეული მიღწევებია, მაგრამ „დანდი“ ყოველთვის განუმეორებელ სანახაობას სთავაზობდა ერთგულ გულშემატკივრებს მაშინ, როდესაც გუნდის რიგებში ნემსაძე, კაბალიერო და არგენტინელი ვარსკვლავი კლაუდიო კანიჯა ასპარეზობდნენ.
ნემსაძემ შოტლანდიურ კლუბში თამაშისას მძიმე მუხლის ტრავმა გადაიტანა, კერძოდ 2001-2002 წლების სეზონში, მაგრამ მომდევნო გათამაშებაში მოედანს ფორმაში მყოფი დაუბრუნდა და „დანდი“ 1964 წლის შემდეგ შოტლანდიის თასის პირველ ფინალამდე მიიყვანა. ქართველი შუახაზელი დღემდე რჩება „დანდის“ უკანასკნელ ფეხბურთელად, რომელმაც გლაზგოს სახელოვან „ჰემპდენ პარკზე“ გამარჯვებული გუნდის მაისურით გაიტანა გოლი – ეს შოტლანდიის თასის ნახევარფინალში „ინვერნესის“ წინააღმდეგ მატჩში მოხდა, რაც ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გამოდგა.
ყველას, ვინც იმ დროს ნემსაძის თამაში იხილა, თუნდაც მეტოქე გუნდის ფანებს, ქართველის მიმართ საკუთარი ემოციები და მოგონებები გააჩნიათ. ბევრი ქართველისთვისაც ხომ მოულოდნელი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში სხვადასხვა შოტლანდიური გუნდის ფანებისგან წამოსული უამრავი დასაფასებელი კომენტარი, გახსენებები თუ სამადლობელო წერილები…
„დის“ თავგადაკლული ქომაგებისთის გიორგი ნემსაძე იყო ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად ბილეთის ყიდვა უდიდესი ბედნიერება იყო. შოტლანდიელთა შეფასებით, ნემსაძეზე ზუსტად ისევე კომფორტულად თავსდებოდა მარადონას სახელის მინიჭება, როგორც ეს გამორჩეულ რუმინელ ვარსკვლავზე, გეორგე ჰაჯიზე იყო – ნემსა მათთვის „კავკასიელი მარადონა“ იყო.
გადაავლეთ თვალი კადრებს, სადაც გიორგი ნემსაძე 2000 წლის სექტემბერში, „დენს პარკზე“ გამართულ პრინციპულ დაპირისპირებაში „დანდი იუნაიტედის“ წინააღმდეგ, არგენტინელი ხუან სარას ჰეთ-თრიქის მეორე გოლს ქმნის – მარჯვნივ და მარცხნივ მანევრირებით, მინიმუმ სამი მცველის უქმად დატოვებითა და საჯარიმოში ბურთს ჩაწოდებით, სადაც სარა ვარდნაში თავური გოლით ასრულებს ეპიზოდს… ანდა იხილეთ თანაქალაქელთა წინააღმდეგ მორიგ შეხვედრაში მეკარის თავზე გადაგდებული ბურთი…
კლაუდიო კანიჯამ ერთხელ ღიად განაცხადა, რომ თუკი დიეგო მარადონაზე არ ისაუბრებდა, გიორგი ნემსაძე მისთვის ისეთივე დონის დიდი ფეხბურთელი იყო, როგორიც - მისი ნებისმიერი სხვა თანაგუნდელი ნებისმიერ კლუბში, თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი კარიერის მანძილზე.
სწორედ ნემსაძემ გაუკეთა საგოლე გადაცემა კანიჯას, როდესაც ექსტრავაგანტურმა არგენტინელმა ფორვარდმა „აბერდინის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შესვლისას შოტლანდიურ ფეხბურთში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
გიორგი ნემსაძის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი და მტკივნეული აღმოჩნდა. „დის“ ყველა ქომაგმა იცოდა, რომ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შორიდანაც აგრძელებდა მათი საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას. „დენს პარკის“ ბინადართა გულებში „კავკასიელი მარადონა“ მუდმივ სითბოს განასახიერებს, რომელიც ისევე მტკიცე და თავდაჯერებული იყო მათთვის, როგორი ამაყი და თავდაჯერებულიც ნემსა ფლობდა ბურთს მათი რჩეული გუნდის მაისურში გამოწყობილი…

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები