ირანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მდგომარეობაში არ არის, განაცხადა ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აჰმად დონიამალიმ.
IRIB Sports Network-თან ინტერვიუში დონიამალიმ თქვა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ კორუმპირებულმა მთავრობამ ჩვენი ლიდერი მოკლა, არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს შესაბამისი პირობები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი ბიჭები უსაფრთხოდ არ არიან და მონაწილეობის პირობები არ არსებობს.
ბოლო რვა-ცხრა თვის განმავლობაში ორი ომი მოგვახვიეს თავს და ჩვენი რამდენიმე ათასი მოქალაქე დაიღუპა და მოწამეობრივად დაეცა. ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობა.“
ირანის მონაწილეობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები მიიტანეს, რის შედეგადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ირანმა საპასუხოდ ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, რაკეტები და დრონები გაუშვა.