ევრობასკეტ 2025-ის B ჯგუფში ყველაფერი გაირკვა.
მე-5 ტურის პირველ მატჩში მონტენეგრო დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდა და 83-89 დამარცხდა.
ბრიტანელებს მაილს ჰესონმა (25 ქულა) და აკვასი იებოამ (23 ქულა) ულიდერეს, ნიკოლა ვუჩევიჩის პერფორმანსი (31 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა) კი მონტენეგროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა ევრობასკეტზე 2013 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამ მოგებით ჯგუფის ბედი გადაწყვიტა.
აღნიშნული ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდათ გერმანიას, ლიეტუვასა და ფინეთს. დღეს კი გადაწყდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასული მე-4 გუნდი შვედეთი იქნება.
შვედებმა დიდი ბრიტანეთი 78-59 დაამარცხეს, დღეს კი მონტენეგროს წაგების შემდეგ ოფიციალურად გადაწყდა, რომ ვუჩევიჩი და კომპანია ტურნირს ეთიშებიან, შვედეთი კი ევრობასკეტის 1/8 ფინალში ისტორიაში პირველად იასპარეზებს.