ალვარო მორატას აღიარებით, ის ევრო 2024-ის გამოტოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა, რომელიც ესპანეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა დოკუმენტურ ფილმში "მათ არ იციან, ვინ ვარ", აღიარა, რომ ევრო 2024-ს გამოსატოვებლად ტრავმის სიმულირებაზე სერიოზულად ფიქრობდა, რადგან კარიერის განმავლობაში მის მიმართ წამოსული კრიტიკის გამო თავს დამცირებულად და მორალურად განადგურებულად გრძნობდა.
„ძალიან ბევრი საშინელი, საკუთარი თავის გამნადგურებელი ფიქრი მქონდა. თავში გამიელვა ევრო 2024-ს გამოსატოვებლად ტრავმის მომიზეზების იდეამაც.
ასეთ დროს, სხეულში ბევრ რაღაცას გრძნობ და არ იცი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ფეხები გტკივა, სული გეხუთება, ვერ სუნთქავ. მეშინოდა, რომ დავიძინებ და არ გავიღვიძებ, ყველაფრის მეშინოდა.
ბურთს ვერ ვუყურებდი. ბორუსიასთან 1/4 ფინალში გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, თავში მიტრიალებდა ფიქრი, რომ ატლეტიკოსთან ერთად ფინალში გასვლის შანსი გავუშვი ხელიდან. როცა თამაში დამთავრდა, გასახდელში დიდხანს მარტო ვიჯექი და მხოლოდ ტირილი მინდოდა." - აღნიშნა მილანის ფორვარდმა, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი გალათასარაიში, იჯარით გაატარა.
მორატამ ისიც დაამატა, რომ ესპანეთის ნაკრების ექიმს, ოსკარ სელადას დაურეკა და უთხრა, რომ ევრო 2024-ზე არ გაემგზავრება. სელადამ კი ის ანდრეს ინიესტას შეახვედრა, რომელიც 2009 წლის აგვისტოში ახლო მეგობრის, დანიელ ხარკეს გარდაცვალების გამო ებრძოდა დეპრესიას.