იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში უდინეზემ საკუთარ მოედანზე ფიორენტინა 1:0 დაამარცხა. ამ შედეგით უდინელებმა მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმეს და ხანგრძლივი, 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
სამწუხაროდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ტენდენცია გრძელდება: გუნდის ახალი თავკაცი, პაოლო ძანეტი გიორგი ჩაკვეტაძეს ნდობას არ უცხადებს. ძანეტის ხელმძღვანელობით ქართველმა ნახევარმცველმა ვენეციასთან შეცვლაზე მხოლოდ 26 წუთი ითამაშა, ხოლო ბოლონიასა და ფიორენტინას წინააღმდეგ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო სეზონის პირველი ორი ტური გამოტოვა, ლაციოსთან თადარიგში დარჩა, სერია A-ში დებიუტი კი მე-4 ტურში, ჯუზეპე მეაცაზე მილანის ინტერის წინააღმდეგ (17 წუთი) ჰქონდა. კოსტა რუნიაიჩის მწვრთნელობისას ჩაკვეტაძე სტაბილურად თამაშობდა, თუმცა ძანეტის მოსვლის შემდეგ მისი როლი გუნდში მკვეთრად შეიზღუდა. ჯამში ქართველის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩია (449 წუთი) და საგოლე მოქმედება ჯერ არ დაუფიქსირებია.
13 ტურის შემდეგ უდინეზეს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას გუნდი 6 დეკემბერს, სტუმრად ტურინის იუვენტუსთან გამართავს.