მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებმა ყველაზე ცუდი იფიქრეს, როცა ჯამალ მუსიალა მოედანზე მოულოდნელად დაეცა, თუმცა 23 წლის ვარსკვლავმა დღეს ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა და სიტუაცია დაამშვიდა.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი შაბათს, ლაიფციგთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც ბაიერნმა 3:1 მოიგო, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. შეხვედრა მიუნხენში 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოედანზე მედიკოსების სასწრაფო ჩარევა გახდა საჭირო.
France 24-ის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ მუსიალა თავბრუსხვევას, სისხლის მიმოქცევის პრობლემებსა და მაღალ ტემპერატურას უჩიოდა. ამის გამო მან ორშაბათის ღია ვარჯიში გამოტოვა. მიუხედავად ამისა, დღეს ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე გამოცხადდა, საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა და სრული დატვირთვით დაბრუნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, მსუბუქი ინდივიდუალური ვარჯიში შეასრულა.
გერმანული მედიის ცნობით, მუსიალა გუნდურ ვარჯიშს დიდი ალბათობით მიმდინარე კვირაშივე დაუბრუნდება და შაბათს, ბორუსია დორტმუნდის წინააღმდეგ გასამართი სუპერთასის მნიშვნელოვანი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ მუსიალასთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდის გაგრძელებაა. მან 2025-2026 წლების სეზონის პირველი 6 თვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიღებული კოჭის მოტეხილობის გამო გამოტოვა, შემდეგ კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც გერმანიის ნაკრები 1/16-ფინალში პარაგვაისთან გამოვარდა.