-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულში გამუდმებული დრამებია და ხმაური ხშირად მარცხის შემდეგაც დიდხანს რჩება. ასე მოხდა მანჩესტერ სიტისთან ასოციაციის თასზე განცდილი მძიმე მარცხის (0:4) შემდეგაც. შედეგი, რომელმაც ტაბლოზე დაფიქსირებულ ციფრებზე მეტი კითხვა გააჩინა. დისკუსიის ეპიცენტრში დომინიკ სობოსლაი აღმოჩნდა. ფეხბურთელი, რომელიც არნე სლოტის გუნდისთვის საკვანძო ფიგურად იქცა, მოულოდნელად იძულებული გახდა, გულშემატკივრებისთვის საკუთარი საქციელი აეხსნა.
უნგრელმა ნახევარმცველმა გადაწყვიტა სიტუაცია განემარტა და მომხდარს ეთიჰადზე ლივერპულის ფანებთან მომხდარი გაუგებრობა უწოდა. როდესაც დაძაბულობა პიკზეა, ჟესტების არასწორად აღქმა ადვილია, სობოსლაის სჯერა, რომ სწორედ ასე მოხდა.
საფინალო სასტვენის მომენტისთვის, ლივერპულის ბევრ გულშემატკივარს სტადიონი უკვე დატოვებული ჰქონდა. ერლინგ ჰალანდის ჰეთ-თრიქმა და მოჰამედ სალაჰის გაფუჭებულმა პენალტმა მანჩესტერ სიტისთან მძიმე შუადღის სურათი სრულად ასახა. მათთვის, ვინც ბოლომდე დარჩა, ფეხბურთელების მხრიდან მადლიერების გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა სწორედ ეს მომენტი გახდა გარჩევის საგანი.
სობოსლაი თანაგუნდელებთან ერთად სტუმრების სექტორთან მივიდა. კამერებმა დააფიქსირეს ფრუსტრირებული დიალოგი, სადაც ნახევარმცველი გულშემატკივრებისკენ რაღაცას ჟესტიკულირებდა. კონტექსტის გარეშე ეს უხეშად გამოჩნდა, თუმცა რეალურად ეს იყო ფეხბურთელის რეაქცია იმავე იმედგაცრუებაზე, რასაც ტრიბუნები გრძნობდნენ.
პსჟ-სთან ხვალინდელი მატჩის წინ, დომინიკ სობოსლაიმ ამ საკითხზე პირდაპირ ისაუბრა:
„მინდა განვმარტო, რომ ეს იყო გაუგებრობა ჩემსა და ფანებს შორის. ცუდად არაფერი მიგულისხმია. ვიცი, რას ნიშნავს გულშემატკივარი ამ კლუბისთვის. როგორც ფეხბურთელები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის და საკუთარი თავისთვის. ბოდიშს ვიხდი. მათ უნდა იგრძნონ, რომ მე თავს მათზე უკეთ არ ვგრძნობ. ზუსტად იმავე განცდებში ვარ, როგორშიც ისინი.
მე მათთან ერთად ვარ და ჩვენ მათთან ერთად ვართ. იმედია, ისინიც ჩვენთან იქნებიან. ბოლომდე დავიხარჯებით და პირველიდან 90-ე, ან იქნებ 120-ე წუთამდე მაქსიმუმს გავაკეთებთ. მზად ვარ, ხვალ მოედანზე მოვკვდე და შემიძლია ყველა ფეხბურთელის სახელით ვთქვა: ეს ძალიან გვინდა და ამისთვის ვმუშაობთ. ენფილდზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სობოსლაიმ ნათლად გამოხატა ის ემოციური კავშირი, რაც ლივერპულსა და მის ქომაგებს შორის არსებობს. კლუბში, სადაც კავშირი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი, ამ გზავნილს დიდი წონა აქვს.
ეს მატჩი ენფილდზე, შესაძლოა, მათი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. სობოსლაიმ გუნდების განრიგზეც ისაუბრა:
რა თქმა უნდა, განსხვავებაა, როცა ისინი თამაშებს შორის ისვენებენ. ეს მათ აღდგენისთვის და ანალიზისთვის ორდღიან უპირატესობას აძლევს. პარიზული მატჩის შემდეგ ჩვენ ფულჰემზე გადავერთეთ, ორი დღის წინ ვითამაშეთ და ახლა ისევ პარიზელებს ვხვდებით. ზოგმა ფულჰემთანაც ბევრი ითამაშა, რაც გავლენას ახდენს. არ ვამბობ, რომ პრემიერ ლიგა ჩემპიონთა ლიგის გამო დასვენების დღეებით უნდა დაგვეხმაროს. ამას ჩვენ თვითონ უნდა გავუმკლავდეთ, საკმარისად პროფესიონალები ვართ და ეს ჩვენი სამსახურია.
ეს ის პრაგმატიზმია, რომელიც ლივერპულის დღევანდელ განწყობას ასახავს. არანაირი გამართლება, მხოლოდ მოცემულობის მიღება. მანჩესტერ სიტისთან იმედგაცრუების შემდეგ, რეაბილიტაციის შანსი მალევე დადგა. დომინიკ სობოსლაისა და ლივერპულისთვის ახალი თავი უკვე იწერება.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები