ვირჯილ ვან დეიკი აღიარებს, რომ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ლივერპულს გადარჩენისთვის „რაღაც განსაკუთრებული“ დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ წარმატების არანაირი შანს“ არ აქვთ.
მერსისაიდელები მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში ტურნირის მოქმედ ჩემპიონებს სამშაბათს უმასპინძლებენ. პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში პარიზელთა სრული უპირატესობით წარიმართა, წითლები ორბურთიანი სხვაობით (2:0) აგებენ.
გუნდის კაპიტანი, ვან დეიკი მიიჩნევს, რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ნიდერლანდელმა მცველმა განაცხადა:
რაღაც ძალიან განსაკუთრებული უნდა მოხდეს, თორემ შანსი არ გვექნება. ჩემი აზრით, თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც პარიზში, წარმატებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ჩვენს გარჯასთან ერთად, ფანები ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ გამოცდილი მაქვს ისეთი ღამეები, როდესაც გულშემატკივრების ემოციისა და მოედანზე ჩვენი თამაშის კავშირი დაუჯერებელი იყო. სამშაბათს გვაქვს შანსი, კარგი სათამაშო გეგმით გამოვიდეთ და 90 წუთზე მეტხანს ვიბრძოლოთ. ამ მატჩს მოუთმენლად ველი. მეოთხედფინალში ყოფნა თავისთავად პრივილეგიაა და ეს ჩვეულებრივ ამბად არ უნდა მივიღოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ლივერპული ვართ და ეს ღამე დაუვიწყარი უნდა გავხადოთ.
ვან დეიკის მიმართვა გულშემატკივრებისადმი იმ საპროტესტო აქციების ფონზე ისმის, რომელიც კლუბის მიერ ბილეთების ფასების გაზრდას მოჰყვა. შაბათს, ფულჰემთან მოგებული მატჩისას, კოპზე თითქმის არ ჩანდა დროშები და ბანერები, ფანები კი სტადიონის ტერიტორიაზე საკვებისა და სასმლის ყიდვაზე ბოიკოტს აგრძელებენ.
ფანების პროტესტი ენფილდზე
ვფიქრობ, ფანები კლუბის გული და სულია. თუ ისინი ასე გრძნობენ თავს და პროტესტს გამოთქვამენ, ეს მათი უფლებაა. იმედია, კლუბთან ერთად გამოსავალს იპოვიან, თუმცა ეს საკითხები ჩემს კომპეტენციას, როგორც გუნდის კაპიტნისას, სცილდება. ჩემი აზრით, ფანები არიან ეს კლუბი. ასე იყო ჩემამდე და ასე იქნება ჩემს შემდეგაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რადგან არსებული ვითარება არავისთვისაა სასარგებლო.