პსჟ ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის წინ კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ბრედლი ბარკოლა გუნდს დაუბრუნდა.
საფრანგეთის ნაკრების შემტევმა თითქმის ერთი თვე გამოტოვა კოჭის სერიოზული დაზიანების გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ჩელსისთან საპასუხო შეხვედრისას მიიღო. ამ ტრავმის გამო ბარკოლამ პარიზელთა ბოლო სამი მატჩი გამოტოვა, ისევე როგორც საფრანგეთის ნაკრების ამხანაგური შეხვედრები აშშ-ში, ბრაზილიისა და კოლუმბიის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, გარემარბი სამშაბათს ენფილდზე გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა. ეს პარიზული გრანდის ისედაც მრისხანე შეტევას კიდევ უფრო გააძლიერებს, სადაც ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე თამაშობენ. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში გოლები სწორედ კვარაცხელიამ და დუემ გაიტანეს.
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ბარკოლას დაბრუნება მიესალმა, თუმცა მიანიშნა, რომ მისი მოედანზე გასვლა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავარაუდოდ, ფეხბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება. ტრავმირებული მოთამაშის დაბრუნება ყოველთვის კარგი ამბავია. მან სამი კვირა გამოტოვა, დაბრუნებისთვის ბევრი იშრომა და დღეს უნდა შევაფასოთ, როგორ გრძნობს თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები მწყობრში დგებიან.
რაც შეეხება ნახევარმცველ ფაბიან რუისს, რომელიც იანვრის შემდეგ მუხლის ტრავმას მკურნალობს, ის კვლავ ვერ დაეხმარება გუნდს. „კარგი ისაა, რომ ფაბიანი უკვე უკეთესადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს“, - დასძინა მწვრთნელმა.
პარიზელები იმედოვნებენ, რომ პირველ მატჩში მოპოვებულ ორბურთიან უპირატესობას (2:0) შეინარჩუნებენ და ლივერპულს ქამბექის საშუალებას არ მისცემენ. გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონებმა ენფილდზე უკვე გაიარეს რთული გამოცდა, როცა მერსისაიდელები მერვედფინალიდან პენალტების სერიაში გამოაგდეს. მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი დარწმუნებულია, რომ გუნდი ნებისმიერ წნეხს გაუძლებს.
ვიცით, რომ ხვალ საოცარი ატმოსფერო დაგვხვდება. კარგად ვიცნობთ ლივერპულის ფანებს, თუმცა ჩვენი გულშემატკივრებიც აქ იქნებიან მხარდასაჭერად. გვახსოვს, რა მოხდა შარშან და ეს თავდაჯერებას გვმატებს, რომ თამაშის გაკონტროლება შევძლოთ.