ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლა სულ უფრო ცალმხრივი ხდება, ამიტომ რეალ მადრიდი მთელ ყურადღებას კვირის შუაში გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაიტანს, სადაც მათი მეტოქე ბაიერნი იქნება.
ესპანურ გრანდს ალიანს არენაზე ერთბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა მოუწევს. მათ წინააღმდეგ ვენსან კომპანის ბაიერნი დგას, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.
ბუნებრივია, დასახული მიზნის მისაღწევად რეალ მადრიდს ყველა წამყვანი ფეხბურთელის საუკეთესო ფორმაში ყოფნა სჭირდება. მათ შორისაა ჯუდ ბელინგემი, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთული გამოდგა.
ბელინგემის „დაუსრულებელი საქმე“ ბაიერნთან
ცოტა თუ მოიძებნება ისეთი მეტოქე, რომელსაც ბელინგემისთვის იმაზე მეტი ტკივილი მიუყენებია, ვიდრე ბაიერნს. ოთხშაბათის მატჩი მის კარიერაში ბავარიული გრანდის წინააღმდეგ მე-12 იქნება, მისი პირადი სტატისტიკა კი სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება: 8 მარცხი, 2 ფრე და მხოლოდ 1 გამარჯვება.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს მარცხი მტკივნეული იყო, ყველაზე მძიმე მოგონება ალბათ დორტმუნდის ბორუსიაში გატარებულ ბოლო პერიოდს უკავშირდება. 2022-23 წლების სეზონის ბოლო ტურში ბაიერნმა ტიტული დორტმუნდს ხელიდან გამოსტაცა, რამაც ბელინგემს მადრიდში გადასვლამდე ზღაპრული დამშვიდობების შანსი დაუკარგა.
მისი ერთადერთი გამარჯვება ბაიერნზე ორი სეზონის წინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შედგა. მაშინ ხოსელუს დუბლმა მატჩის ბოლო ორ წუთში ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შემობრუნება მოახდინა და რეალ მადრიდი ფინალში გაიყვანა.
ახლა ბელინგემი ბაიერნს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმებთან ბრძოლაში გაატარა. ინგლისელის თვისებები, მათ შორის საჯარიმოში მოულოდნელი შეჭრის უნარი, შესაძლოა რეალ მადრიდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში.