ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარის ტრავმების გამო ატეხილ აჟიოტაჟს იუმორით უპასუხა და თავდამსხმელს ხუმრობით ისტორიაში პირველი ფეხბურთელი უწოდა, რომელიც „სახლიდან (დისტანციურად) მუშაობს“.
34 წლის ვარსკვლავი წვივის კუნთის დაზიანების გამო მუნდიალის სასტარტო მატჩებს მხოლოდ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
პრეზიდენტის ხუმრობა და „11 პელე ხელოვნური ინტელექტით“
ბელუ-ორიზონტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ერთ-ერთ ახალგაზრდა ფანთან ნაკრებზე იხუმრა. Globo-ს ინფორმაციით, როდესაც ბავშვმა აღნიშნა, რომ ნეიმარი სელესაოს საუკეთესო მოთამაშეა, ლულამ ინტერნეტში გავრცელებული პოპულარული ხუმრობა გაიხსენა:
გუშინ ინტერნეტში ვნახე, რომ ნეიმარი მსოფლიოში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში დისტანციურად, 'ჰოუმ ოფისიდან' გამოიძახეს. მგონი, მალე მოგვიწევს ნაკრების ხელოვნური ინტელექტით შექმნა, სადაც 11 პელე ითამაშებს.
სანამ პრეზიდენტი ხუმრობს, ნეიმარი ნიუ-ჯერსის ბაზაზე, ძირითადი გუნდისგან მოკვეთილი, ინტენსიურ რეაბილიტაციას გადის. ბრაზილიის სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ხარისხის დაჭიმულობის მქონე ვარსკვლავი პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩებს მზად შეხვდეს.
ლულას ისტორიული დაპირისპირება რონალდოსთან
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლულა და სილვა ბრაზილიის ნაკრების წამყვან თავდამსხმელებს ფიზიკური კონდიციების გამო საჯაროდ აკრიტიკებს. 2006 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მან გერმანიის მუნდიალის წინ ეჭვქვეშ დააყენა ლეგენდარული რონალდო ნაზარიოს წონა: „პრესაში ვკითხულობ, რომ რონალდო მსუქანია. ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ის მსუქანი?“
ფენომენომ მაშინ საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად უპასუხა:
ყველა ამბობს, რომ ლულა ბევრს სვამს. ისევე როგორც ტყუილია ის, რომ მე მსუქანი ვარ, ალბათ ტყუილია ისიც, რომ ის ბევრს სვამს
ანჩელოტიმ დაბრუნება დაადასტურა
ბრაზილიელთა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ჰაიტისთან გამარჯვების (3:0) შემდეგ დაადასტურა, რომ ნეიმარის ინდივიდუალური ვარჯიშების ეტაპი დასრულდა: „ნეიმარი ორშაბათიდან გუნდს სრულად შეუერთდება და შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება“.
კაპიტნის დაბრუნება სელესაოსთვის დიდი სტიმულია, რათა პრეზიდენტისა და კრიტიკოსების ხუმრობები მოედანზე გატანილი გოლებით ჩაახშონ.