-
Aa
+
ფონტის ზომა
10. კარლოს ალბერტო v იტალია
1970 წლის მუნდიალის ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და იტალია დაუპირისპირდნენ. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ, სელესაომ ულამაზეს სტილში დაამარცხა მეტოქე - 4:1. მატჩში წერტილი ბრაზილიელთა კაპიტანმა, კარლოს ალბერტომ, ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დასვა.
ვიდეო: კარლოს ალბერტოს გოლი
9. ესტებიან კამბიასო v სერბეთი და მონტენეგრო
2006 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მშვენება არგენტინისა და სერბეთი და მონტენეგროს შორის გამართულ ჯგუფური ეტაპის მატჩში გავიდა. ალბისელესტემ მეტოქე 6:0 გაანადგურა. სწორედ ამ მატჩში გაიტანა მესიმ თავისი პირველი გოლი მსოფლიო თასზე - არგენტინელთა ექვსი გოლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი ესტებიან კამბიასოს 24 პასის შემდეგ გატანილი გოლი აღმოჩნდა.
ვიდეო: კამბიასოს გოლი
8. საედ ალ ოვაირანი v ბელგია
სადებიუტო, 1994 წლის მუნდიალზე გასულ საუდის არაბეთს ჯგუფიდან გასასვლელად, F ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ბელგიასთან ქულების აღება სჭირდებოდათ. მწვანე შევარდენმა წითელ ეშმაკებს საედ ალ ოვაირანის საოცარი სოლო გოლით სძლიეს.
ვიდეო: ალ ოვაირანის გოლი
7. ხამეს როდრიგესი v ურუგვაი
კოლუმბიის 1994 წელს მოკლული ოცნება 20 წლის შემდეგ ბრაზილიაში გაცოცხლდა - ხამეს როდრიგესის ლიდერობით ლოს კაფატეროსი მეოთხედფინალში გავიდა. მარაკანაზე ურუგვაის წინააღმდეგ გამართულ მერვედფინალში კოლუმბიამ ხამესის დუბლით იმარჯვა - განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა მატჩის პირველ ნახევარში გასული გოლი.
ვიდეო: ხამეს როდრიგესის გოლი
6. რიჩარლისონი v სერბეთი
რიჩარლისონ დე ანდრადეს შედევრი მეორე გოლია ათეულში, რომელიც სერბების წინააღმდეგ გავიდა. 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სელესაომ სერბეთს რიჩარლისონის დუბლით სძლია. საოცარი გამოვიდა ბრაზილიელის მეორე გოლი - ვინიციუსის გადაცემის შემდეგ სამ სერბ მცველში მოქცეულმა “ო პომბომ” კარში ბურთი საოცარი აკრობატული ნახტომით გადაგზავნა.
ვიდეო: რიჩარლისონის გოლი
5. დენის ბერგკამპი v არგენტინა
როგორც ყველა არგენტინისა და ნიდერლანდების დაპირისპირება, 1998 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიც ლეგენდარული გამოვიდა. მატჩის ძირითადი დროის, რომლშიც გუნდებმა თითოჯერ გაიტანეს და თითოჯერ წითელი ბარათი დაიმსახურეს, ბოლო წუთზე ნიდერლანდებს ნახევარფინალის საგზური დენის ბერგკამპმა მოუტანა - არამფრინავმა ჰოლანდიელმა ფრანკ დე ბურის გენიალური გადაცემა ასევე გენიალურად დაასრულა.
ვიდეო: ბერგკამპის გოლი
4. ედერი v სსრკ
1982 წლის ესპანეთის მუნდიალის მეექვსე ჯგუფის გახსნით მატჩში ერთმანეთს ბრაზილიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ჩივაძის, თენგიზ სულაქველიძის, ვიტალი დარასელიასა და რამაზ შენგელიას გუნდი სელესაოსთან 1:2 დამარცხდა. ბრაზილიამ თამაში მატჩის მეორე ნახევარში შემოატრიალა - ტელე სანტანას გუნდმა ედერის 88-ე წუთზე გატანილი საოცარი გოლით იმარჯვა.
ვიდეო: ედერის გოლი
3. პელე v შვედეთი
ბრაზილიელთა პირველი, სანუკვარი მსოფლიო თასის მოგებაში ლომის წილი რომ 17 წლის ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიუძრვის, არახალი ამბავია - სელესაომ მეოთხედფინალში პელეს გოლით უელსი დაამარცხა, ნახევარფინალში ჰეთ-თრიქით საფრანგეთი, ხოლო ფინალში დუბლით მასპინძელი შვედეთი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი “ო რეის” სვენსონის კარში გატანილი პირველი გოლი გამოვიდა.
ვიდეო: პელეს გოლი
2. მანუელ ნეგრეტე v ბულგარეთი
1986 წლის მექსიკის მუნდიალი მრავალი თვალსაზრისით არის ლეგენდარული - არგენტინელთა ტრიუმფით დასრულებული მსოფლიო თასი არც საოცარი გოლების ნაკლებობას უჩიოდა. ლეგენდარულ ესტადიო ასტეკაზე შეკრებილმა 115 000-მა მაყურებლმა მანუელ ნეგრეტეს დაუჯერებელი გოლი იხილა - მექსიკელთა ახლანდელ თავკაცთან, ხავიერ აგირესთან გათამაშებული საჰერო კომბინაციის შემდეგ, ნეგრიტემ ბურთი აკრობატული დარტყმით გადაგზავნა კარის ბადეში. მერვედფინალურ მატჩში ასტეკებმა ბულგარელებს 2:0 სძლია.
ვიდეო: ნეგრეტეს გოლი
1. მარადონა v ინგლისი
მექსიკელთა ბრწყინვალე გამარჯვებიდან ერთ კვირაში ასტეკას მაყურებელი ამჯერად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპოქალური მატჩის მომსწრე გახდა. ფოლკლენდის ომის გაგრძელებად შერაცხული ინგლისისა და არგენტინის ლეგენდარულ მეოთხედფინალში, ალბისელესტემ დიეგო მარადონას დუბლით იმარჯვა - ცნობილი ღმერთის ხელიდან ოთხ წუთში დიეგომ მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი გაიტანა.
ვიდეო: მარადონას გოლი

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

